ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“ წევრებმა ღაზისთვის $5 მლრდ გამოყვეს

ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“ წევრებმა ღაზისთვის $5 მლრდ გამოყვეს

ფოტო: Omar Al-Qattaa/AFP/Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“ წევრები მომდევნო შეხვედრაზე გამოაცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული საჭიროებებისა და რეკონსტრუქციისათვის $5 მილიარდის გამოყოფაზე აიღეს პასუხისმგებლობა.

საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ტრამპმა განმარტა, რომ საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ღაზის სექტორში გაეროს ეგიდით სტაბილიზაციის ძალებისა და ადგილობრივი პოლიციისათვის დიდი რაოდენობით პერსონალის გამოყოფის პასუხისმგებლობაც აიღეს.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი ოფიციალური შეხვედრა მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათს, დონალდ ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტის სახელი სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ უწოდა. საბჭოს პირველ შეხვედრას 20-ზე მეტი წევრი სახელმწიფოს მთავრობების მეთაურები და დელეგაციები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ „მშვიდობის საბჭო“ გაეროს რეზოლუციით შეიქმნა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივის ფარგლებში, დაესრულებინათ ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სექტორში. ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში გასული წლის ოქტომბერში შევიდა, თუმცა მას შემდეგ ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთი ორივე მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ, ღაზის სექტორში 590 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით კი, იმავე პერიოდში 4 ისრაელელი სამხედრო გარდაიცვალა.

მოგეხსენებათ, „მშვიდობის საბჭო“ დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომელიც გლობალური კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად.

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის იდეა პირველად გასული წლის სექტემბერში გააჟღერა, როდესაც ღაზაში მიმდინარე ომის დასრულების გეგმა გაახმოვანა. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ საბჭოს უფლებამოსილება ღაზის მიღმა გაფართოვდებოდა, რათა  მსოფლიოს სხვა კონფლიქტებიც მოგვარებულიყო.

როგორც Reuters-ი მის მიერ ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, საბჭოს პირველი თავმჯდომარე თავად დონალდ ტრამპი იქნება. საბჭოს მიზანს კი გლობალური მშვიდობის ხელშეწყობა და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობა წარმოადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, წევრ ქვეყნებს სამი წლის ვადით შეეზღუდებათ საბჭოში მონაწილეობის მიღების უფლება, თუ ისინი არ გადაიხდიან 1 მილიარდ დოლარს, რაც მათ მუდმივი წევრობის უფლებას მიანიჭებს. ამ გზით მიღებული შემოსავალი კი საბჭოს საქმიანობის დაფინანსებას მოხმარდება.

თეთრმა სახლმა უკვე დაასახელა ინიციატივის აღმასრულებელი საბჭოს დამფუძნებელი წევრები, ესენი არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.