ფოტო: Stephen Brashear — Getty Images
Microsoft-ის განცხადებით, გლობალური სამხრეთის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასაუმჯობესებლად, კომპანია ათწლეულის ბოლოსთვის ჯამურად $50 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნული განცხადება ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ AI-სამიტზე გააკეთა, სადაც მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანელები და მსოფლიო ლიდერები იმყოფებიან.
ცნობისათვის, ტერმინი „გლობალური სამხრეთი“ მიემართება განვითარებად, ეკონომიკურად მზარდ ან დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებს, რომლებიც სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.
შეგახსენებთ, გასულ წელს Microsoft-მა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ციფრულ ბაზარზე, ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის სექტორში $17.5 მილიარდის მოცულობის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო.
ინდოეთში მიმდინარე AI-სამიტზე Microsoft-ის წარმომადგენლებმა ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. მათი პროგნოზით, AI-ის ზრდის შემდეგი ტალღა არა მხოლოდ აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში, არამედ განვითარებად ბაზრებზეც იქნება. ხოლო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს ისეთი სერვისების გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ, როგორებიცაა: ბიზნესი, განათლება და სამოქალაქო სერვისები.
კომპანიის მიერ დაანონსებული ინვესტიცია მონაცემთა ცენტრების სიმძლავრეს გაზრდის და ქლაუდ-ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს. Microsoft-ის მიერ ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი იმ მოთხოვნასთან გამკლავებაცაა, რომელიც AI-ის მხარდაჭერილ ქლაუდ-პლატფორმების განვითარებამ გააჩინა. ეს გადაწყვეტილება კი Microsoft-ის გრძელვადიან ხედვაზე მიუთითებს, დაინტერესდეს განვითარებადი ბაზრებით, სადაც შესაბამისი ციფრული ინფრასტრუქტურა ახლა იქმნება.















