ფოტო: Shutterstock
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული Encyclopædia Britannica, კომპანიის საკუთრებაში არსებულ ამერიკულ გამომცემლობა Merriam-Webster-თან ერთად, OpenAI-ს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მხარე AI-სტარტაპს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გადამზადების პროცესში თავიანთი საცნობარო მასალების არალეგალურად გამოყენებას ედავება.
Britannica-ს მიერ ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში აღნიშნულია, რომ OpenAI-მ კომპანიების ონლაინსტატიები, ასევე ენციკლოპედიისა და ლექსიკონის ჩანაწერები გამოიყენა, რათა თავისი ფლაგმანი ჩატბოტი, ChatGPT, მომხმარებელთა მოთხოვნებზე რეაგირებისთვის გადაემზადებინა. Britannica-ს მტკიცებით, OpenAI-ს მიერ მომხმარებლებისთვის ამ მასალაზე დაყრდნობით გენერირებული პასუხების შეთავაზებამ კომპანიის ვებტრაფიკის „კანიბალიზაცია“ გამოიწვია.
Britannica-ს მტკიცებით, OpenAI-მ უკანონოდ დააკოპირა მათ საკუთრებაში არსებული 100,000-მდე სტატია და ისინი GPT-ის დიდი ენობრივი მოდელების გასაწვრთნელად გამოიყენა. სარჩელში აღნიშნულია, რომ ჩატბოტის მიერ გენერირებული პასუხები თითქმის იდენტურია Britannica-ს ენციკლოპედიური ჩანაწერებისა და სხვა მასალების, რის გამოც მომხმარებლები, რომლებიც ჩვეულებრივ Britannica-ს ვებგვერდს მიმართავდნენ, ახლა ChatGPT-ის იყენებენ.
დამატებით, Britannica ამერიკულ სტარტაპს ლიცენზიის გარეშე მათი მასალების გამოყენებასა და სავაჭრო ნიშნების დარღვევაშიც ადანაშაულებს. ამასთან ერთად, სარჩელში ნათქვამია, რომ Britannica-ს წყაროები მითითებულია ChatGPT-ის მიერ გენერირებულ რიგ შეცდომაში შემყვან მასალებშიც, რაც მათი ენციკლოპედიის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
Britannica-ს საჩივარს უკვე გამოეხმაურა OpenAI. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ტრენინგისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს იყენებს, რაც სრულად შეესაბამება სამართლებრივ მოთხოვნებს.














