ფოტო: Britannica
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თორგერდურ ქეთრინ გუნარსდოტირის განცხადებით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ 2028 წლისთვის ისლანდია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. მინისტრის განმარტებით, ის მოელის, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სოფლის მეურნეობა და თევზჭერის მრეწველობა.
ცნობისათვის, 2013 წელს ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრების მოთხოვნა შეაჩერა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში ევროსკეპტიკოსი მთავრობა მოვიდა. ისლანდიის ამჟამინდელი მთავრობა კი მიმდინარე წლის 29 აგვისტოს რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რათა გადაწყდეს, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებებს გააგრძელებს თუ არა.
რეფერენდუმის დადებითად დასრულების შემთხვევაში, ევროკავშირსა და ისლანდიას შორის მოლაპარაკების მთავარი საკითხი თევზჭერის მრეწველობა იქნება. აღნიშნული საკითხი წარსულშიც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ევროკავშირი თევზჭერაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და კვოტირებულ ნებართვებს გასცემს, ისლანდიისთვის კი აღნიშნული ინდუსტრია ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, რთული საკითხები მოლაპარაკებების დაწყებისთანავე უნდა განიხილონ. „თუ ამას გავაკეთებთ [რთულ საკითხებზე შეთანხმებას მივაღწევთ], ოტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2028 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის წევრი გავხდებით“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ისლანდიის მოსახლეობა 400,000 ადამიანია. ის ნატო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფოა. ისლანდია ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილი და შენგენის ზონის წევრი სახელმწიფოა.













