ფოტო: Bloomberg
ჩინური ტექნოლოგიური კორპორაცია Alibaba მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქლაუდ-სერვისითა და ხელოვნური ინტელექტით მიღებული შემოსავლების გახუთმაგებას და $100 მილიარდის მიღებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ედი ვუს განცხადებით, აღნიშნული ფინანსური გეგმების დასახვის ამბიციას ხელოვნურ ინტელექტზე გაზრდილი მოთხოვნა იძლევა.
Alibaba-ს მიერ გამოქვეყნებული ფინანსური შედეგების თანახმად, გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის მოგება 67%-ით შემცირდა. მოგების შემცირების ძირითადი მიზეზი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტიციების ზრდაა. სანაცვლოდ, 2025 წლის მეოთხე კვარტალში 35%-ით გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის მიმართულების შემოსავლები. კომპანიის წმინდა შემოსავლები 18%-ით შემცირდა 2025 წლის მესამე კვარტალშიც.
როგორც ჩანს, Alibaba ამ მიმართულებით ინვესტიციების შემცირებას კვლავ არ გეგმავს. მომდევნო წლების განმავლობაში ჩინური კომპანია AI-ში $53 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. პარალელურად, გასულ თვეს კომპანიამ AI-გამოთვლითი სერვისების ფასი 34%-ით გაზარდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Alibaba-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი სუბიექტი ჩამოაყალიბა, რომელიც ჩინური კომპანიის ყველა AI-ბიზნესს ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს.
კომპანიის მიერ მოგების შემცირების დაფიქსირების შემდეგ, Alibaba-ს აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 7%-ით შემცირდ, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $292.24 მილიარდია.















