ფოტო: pyramid-healthcare.com
კვლევითმა ფირმა Gallup World Poll-მა, 147 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი და ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. „მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის“ მიხედვით, ზედიზედ უკვე მეცხრედ, ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ ფინეთი დასახელდა.
Gallup World Poll-ის ანგარიში გამოკითხულ რესპონდენტთა პასუხებს ეფუძნება, რომლებიც საკუთარი ცხოვრების ხარისხს 0-დან 10-მდე სკალით აფასებენ. რეიტინგი სამწლიან საშუალო მაჩვენებელს ეყრდნობა (2023 წლიდან 2025 წლამდე), რაც გლობალური კეთილდღეობის შედარებით სტაბილური სურათის აღქმაში გვეხმარება.
ფინეთი, დანიასა და ისლანდიასთან ერთად, კვლავ ლიდერთა სამეულშია. რეიტინგში ზედა პოზიციების შენარჩუნება იმის დასტურია, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობას ინსტიტუტებისადმი მაღალი ნდობა გამოარჩევს, ცხოვრების მაღალი ხარისხი კი კეთილდღეობის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად რჩება.
ევროპის კონტინენტის მიღმა ბედნიერების ყველაზე მაღალი ინდექსი კოსტა-რიკაში ფიქსირდება. ქვეყანა სიაში მეოთხეა, რაც ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია მექსიკაც, რომელიც 2022 წლის 36-ე პოზიციიდან წლევანდელ რეიტინგში მე-12 ადგილამდე დაწინაურდა. ეს ქვეყნები გლობალურ ათეულთან ძალიან ახლოს არიან და ბევრ მდიდარ სახელმწიფოს უსწრებენ.
საინტერესოა, რომ 2026 წლის სიის ათეულში გვხვდება ისრაელი (მერვე პოზიციაზე), რაც მას ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნად აქცევს. მას მოჰყვება არაბთა გაერთიანებული საამიროები (21-ე ადგილი) და საუდის არაბეთი (22-ე ადგილი).
მიმდინარე წლის ანგარიშში ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ 23-ე პოზიციას იკავებს, რაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის დაღმავალი ტენდენციის ნაწილია. შედარებისთვის, 2011 წელს აშშ რეიტინგში მე-11 ადგილზე იყო. პოზიციების დაკარგვის მიზეზად ახალგაზრდა ამერიკელებში კეთილდღეობის მკვეთრი ვარდნა სახელდება, რაც ხშირად სოციალური მედიის გამოყენების ზრდასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთანაა დაკავშირებული.
რეიტინგის ბოლოში კვლავ ავღანეთია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ბედნიერ ქვეყნად მიიჩნევა. მას მოჰყვებიან სიერა-ლეონე და მალავი. ავღანეთის ბოლო ადგილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობით, ომითა და მოსახლეობის უფლებებზე დაწესებული მასშტაბური შეზღუდვებითაა განპირობებული.
ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალშია მიანმარიც, რომელიც 2021 წლიდან სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრია. ხოლო ეკონომიკური გამოწვევები და პოლიტიკური არეულობა შრი-ლანკასა და ბანგლადეშის ბოლო პოზიციებზე განთავსების მიზეზი გახდა.
ცნობისთვის, საქართველო Gallup World Poll-ის რეიტინგში 5.5 ქულით 91-ე პოზიციას იკავებს. ამ შედეგით ის ჩამორჩება როგორც რუსეთის ფედერაციას (79-ე ადგილი), ისე სომხეთს (89-ე ადგილი). თურქეთი და აზერბაიჯანი კი, წლევანდელი ანგარიშით, შესაბამისად, 94-ე და 102-ე პოზიციებს იკავებენ.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული:
| 1 | ფინეთი | 7.8 |
| 2 | ისლანდია | 7.5 |
| 3 | დანია | 7.5 |
| 4 | კოსტა-რიკა | 7.4 |
| 5 | შვედეთი | 7.3 |
| 6 | ნორვეგია | 7.2 |
| 7 | ნიდერლანდები | 7.2 |
| 8 | ისრაელი | 7.2 |
| 9 | ლუქსემბურგი | 7.1 |
| 10 | შვეიცარია | 7.0 |
მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ათეული:
| 1 | ავღანეთი | 1.4 |
| 2 | სიერა-ლეონე | 3.3 |
| 3 | მალავი | 3.3 |
| 4 | ზიმბაბვე | 3.3 |
| 5 | ბოცვანა | 3.5 |
| 6 | იმენი | 3.5 |
| 7 | ლებანი | 3.7 |
| 8 | კონგო | 3.8 |
| 9 | ეგვიპტე | 3.9 |
| 10 | ტანზანია | 3.9 |















