ფოტო: Getty Images
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა Skytrax-მა, რომელიც ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მიმოხილვებსა და რეიტინგებს ადგენს, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების 2026 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. Skytrax-ის წლევანდელ სიაში კვლავ აზიის რეგიონის წარმომადგენლები ლიდერობენ, ხოლო წლის საუკეთესო აეროპორტად, უკვე მეთოთხმეტედ, სინგაპურის ჩანგის აეროპორტი დასახელდა.
ცნობისთვის, Skytrax-მა სიის შესადგენად სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურთა გამოკითხვისას მიღებული პასუხები გამოიყენა. მოგზაურებს სთხოვეს, შეეფასებინათ აეროპორტები რეგისტრაციიდან გამგზავრებამდე არსებული ყველა პროცედურის მიხედვით და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით.
საერთო ჯამში, Skytrax-ის შეფასებით, 2026 წლისთვის მსოფლიოს ხუთი საუკეთესო აეროპორტი აზიაში მდებარეობს, სიაში შემდეგნაირი გადანაწილებით: ჩანგის აეროპორტი, ინჩონის საერთაშორისო აეროპორტი, ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი (ჰანედა), ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი და ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი.
Skytrax-ის წლევანდელი ანგარიშით, ევროპაში ყველაზე მაღალი რეიტინგი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს აქვს, რომელიც საერთო სიაში მეექვსე პოზიციას დასჯერდა. ეს ზედიზედ უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც პარიზის აეროპორტი Skytrax-ის მიერ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა. თუმცა ათეულში გვხვდება სხვა აეროპორტებიც, მათ შორისაა: რომის ფიუმიჩინოს აეროპორტი (მე-7), სტამბოლის აეროპორტი (მე-8) და მიუნხენის აეროპორტი (მე-9). აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტის ტიტული ბუდაპეშტის აეროპორტმა მიიღო, ხოლო ლონდონის ჰითროუს აეროპორტი შოპინგისთვის საუკეთესო ლოკაციად დასახელდა.
World’s Best Airline Awards-ის გამარჯვებულები გამოავლინა ავიახაზების უსაფრთხოებისა და სერვისების შემფასებელმა ვებგვერდმა, AirlineRatings.com-მაც. 2026 წლის რეიტინგში პირველი ადგილი Qatar Airways-მა დაიკავა, რომელმაც ლიდერობა Korean Air-ს ჩამოართვა. ეს უკანასკნელი კი წლევანდელ სიაში მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა. ანალოგიურად, AirlineRatings.com-ის ავიახაზების რეიტინგშიც აზია დომინირებდა: მეორე ადგილი Cathay Pacific-ს ერგო, მესამე — Singapore Airlines-ს, მეოთხე — Korean Air-ს და მეხუთე — STARLUX Airlines-ს.
ევროპის რეგიონისთვის სრული სერვისის მქონე საუკეთესო ავიხაზებად Turkish Airlines-ი დასახელდა, რომელმაც საერთო რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა. სიაში მე-13 პოზიციაზეა Virgin Atlantic-ი, KLM მე-18 პოზიციას იკავებს, ხოლო Air France, შესაბამისად — მე-19 პოზიციას.
დამატებით, AirlineRatings.com-მა დაბალბიუჯეტიანი და ჰიბრიდული ავიაკომპანიების რეიტინგიც გამოაქვეყნა. დაბალბიუჯეტიან ევროპულ ავიახაზებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება AirBaltic-ს აქვს, რომელიც საერთო ჯამში მეოთხე პოზიციას იკავებს. ასევე, საუკეთესო ათეულში ევროპიდან მოხვდნენ easyJet-ი და Wizz Air-ი, საერთო რეიტინგში, შესაბამისად, მე-8 და მე-9 პოზიციებით. ხოლო ჰიბრიდული ავიახაზების სიაში — რომელიც მოიცავს ავიახაზებს, რომლებიც მომხმარებლებს ფრენის ხანგრძლივობის მიხედვით დაბალბიუჯეტიან ან სრულ სერვისს სთავაზობენ — 2026 წლის საუკეთესო კომპანიად Lufthansa დასახელდა.
Skytrax-ის თანახმად, 2026 წლის საუკეთესო აეროპორტები:
- სინგაპურის ჩანგის აეროპორტი
- სეულის ინჩონის საერთაშორისო აეროპორტი
- ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი (ჰანედა)
- ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი
- ტოკიოს ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი
- პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი
- რომის ფიუმიჩინოს აეროპორტი
- სტამბოლის აეროპორტი
- მიუნხენის აეროპორტი
- ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტი
AirlineRatings.com-ის თანახმად, 2026 წლის საუკეთესო ავიახაზები:
- Qatar Airways
- Cathay Pacific
- Singapore Airlines
- Korean Air
- STARLUX Airlines
- Japan Airlines
- Turkish Airlines
- Emirates
- Air New Zealand
- Etihad Airways















