ფოტო: Getty Images
Kanye West-ი (Ye) ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მუსიკის, მოდისა და ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და, ამავდროულად, წინააღმდეგობრივ ფიგურად ჩამოყალიბდა. მისი ქონება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Adidas-თან მრავალმილიარდიანი პარტნიორობა დაკარგა. მიუხედავად ამისა, ამერიკელი რეპერი კვლავ ფლობს აქტივების მნიშვნელოვან პორტფელს, რომელიც მოიცავს მუსიკალურ კატალოგს, უძრავ ქონებას, Yeezy-ის ბრენდსა და სხვადასხვა ბიზნესწილს.
როგორც Forbes-ის მიერ მომღერლისათვის შექმნილ ოფიციალურ პროფილში წერია, 2026 წლის მაისის მონაცემებით, Kanye West-ის ქონება დაახლოებით $400 მილიონად არის შეფასებული. ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ Adidas-თან კონტრაქტის შეწყვეტამდე მისი ქონება მილიარდობით დოლარს აღწევდა, თუმცა ბრენდის პარტნიორობის დაკარგვამ მომღერლის ფინანსურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა.
Forbes-ის მიხედვით, მისი აქტივების ძირითადი ნაწილი ნაღდი ფულისგან, უძრავი ქონებისგან, მუსიკალური კატალოგისგან და ყოფილი ცოლის, კიმ კარდაშიანის კომპანია Skims-ში არსებული 5%-იანი წილისგან შედგება.
რეპერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად კვლავ რჩება Yeezy. მიუხედავად იმისა, რომ Adidas-თან თანამშრომლობა დასრულდა, Ye კვლავ სრულად ფლობს Yeezy-ის სავაჭრო ნიშანსა და ინტელექტუალურ საკუთრებას. ცნობისთვის, Forbes-ი ამ გარიგებას $1.5 მილიარდად აფასებდა.
Kanye West-ის ფინანსური იმპერიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი მუსიკალური კატალოგია. შეფასებების მიხედვით, მისი ალბომებისა და საავტორო უფლებების ღირებულება დაახლოებით $130 მილიონს აღწევს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს აქტივი შედარებით სტაბილურ შემოსავალს ქმნის, რადგან Kanye-ის მუსიკა სტრიმინგ-პლატფორმებზე ძალიან პოპულარულია.
უძრავი ქონების მიმართულებით მომღერალი წლების განმავლობაში აქტიურად ყიდულობდა ექსტრავაგანტურ ობიექტებს. მათ შორის ყველაზე ცნობილი მალიბუში მდებარე მინიმალისტური სასახლეა, რომელიც იაპონელმა არქიტექტორმა ტადაო ანდომ დააპროექტა. გავრცელებული ინფორმაციით, Kanye West-მა ეს ქონება დაახლოებით $57 მილიონად შეიძინა, თუმცა მოგვიანებით შენობა რეკონსტრუქციის მიზნით თითქმის მთლიანად დაანგრია.
ასევე დიდი ყურადღება მიიქცია მისმა მიწებმა ვაიომინგში, სადაც Kanye West-ი ერთ დროს საკუთარი „Yeezy Campus“-ისა და თვითმყოფადი ეკოსისტემის შექმნას გეგმავდა. იქ მას ეკუთვნოდა რამდენიმე რანჩო და კომერციული ფართი, რომელთა ნაწილიც მოგვიანებით გაყიდა.
2021 წლის მარტში Forbes-ი Kanye West-ს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს მუსიკოსად ასახელებდა და მის ქონებას $1.8 მილიარდად აფასებდა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში Bloomberg-მა და სხვა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს რეპერის ქონება $6.6 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა Forbes-მა ეს შეფასება საჯაროდ უგულებელყო. Forbes-ის სტატიაში პირდაპირ წერია, რომ ეს შეფასებები ეფუძნებოდა „მომავალ ჰიპოთეტურ გაყიდვებს“ და არა რეალურ შემოსავალს. 2022 წლის შემდეგ კი, როდესაც Kanye West-ის ქონებამ $2 მილიარდს მიაღწია, ანტისემიტური განცხადებების ფონზე, Adidas-მა, Gap-მა, Balenciaga-მ და სხვა კომპანიებმა Kanye West-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს. ამან მისი ქონების შეფასება რადიკალურად შეამცირა.
მიუხედავად ამისა, იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად მუსიკისა და მოდის ინდუსტრიაში. მისი ფინანსური მომავალი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა Yeezy-ის დამოუკიდებელ ბრენდად გაძლიერებას და დაკარგული კომერციული პარტნიორობების ნაწილობრივ აღდგენას.








