ფოტო: Biographi Living/Archi Group
The Guardian-მა თბილისში დაგეგმილი Trump Tower-ის პროექტთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ პროექტი იმ მიწაზე უნდა აშენდეს, რომლის თანამფლობელი ამჟამად აშშ-ის მიერ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის, შვილია.
პროექტი ადგილობრივი დეველოპერული ჯგუფისა და Trump Organization-ის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს კომპანია ამჟამად აშშ-ის პრეზიდენტის შვილების, დონალდ ტრამპ უმცროსისა და ერიკ ტრამპის მართვის ქვეშაა.
გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი უნდა აშენდეს მიწის ნაკვეთზე, რომლის რეგისტრირებული მფლობელიც საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით კი, ფონდი სრულად ეკუთვნის „ქართუ ჯგუფს“, რომლის 35%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილია.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი ბაიდენის ადმინისტრაციამ 2024 წელს დაასანცირა. მაშინ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივანიშვილი „ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უტა ივანიშვილი 2024 წლამდე „ქართუ ჯგუფის“ 100%-ს ფლობდა, თუმცა მამის სანქცირების შემდეგ მისი წილი 35%-მდე შემცირდა. ამჟამად კომპანიის დარჩენილი 65%-ის მფლობელების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან 5%-ზე ნაკლები წილების ანონიმურად ფლობაა შესაძლებელი.
გამოცემა განმარტავს, რომ სანქციების რეჟიმის ფარგლებში აშშ-ის მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირი ბიზნესურთიერთობა ეკრძალებათ, თუმცა არსებობს გამონაკლისები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ფორმალურად მის კონტროლქვეშ არ მოიაზრება.
The Guardian-ი წერს, რომ Trump Tower-ის პროექტმა ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის შესახებ ახალი კითხვები გააჩინა, რადგან საუბარია აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ბრენდის გამოყენებაზე პროექტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ მიწაზე შენდება.
პროექტის შესახებ განცხადება Trump Organization-მა აპრილში გაავრცელა. კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის განცხადებით, კომპანია „ამაყობს, რომ საქართველოს მსოფლიო დონის სტანდარტს სთავაზობს“ და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით კმაყოფილია.
იხილეთ ასევე: რა სარგებელს მიიღებს ტრამპი თბილისის Trump Tower-ის პროექტიდან?
70-სართულიან ცათამბჯენზე Trump Organization-თან ერთად ქართული კომპანიები – Archi Group-ი, Biograpi Living-ი, Blox Group-ი და Finvest Georgia – მუშაობენ, ასევე ამერიკული Sapir Organization-ი, რომელიც ტრამპის ოჯახის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორია.
სტატიაში იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ Archi Group-ის დამფუძნებელი, ილია წულაია, წარსულში პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. ხოლო Biograpi Living-ი Wissol Group-ის ნაწილია, რომელსაც ბიზნესმენები სოსო და ლევან ფხაკაძეები ფლობენ.
Trump Tower-ის ასაშენებელი ტერიტორია თბილისის ყოფილ იპოდრომს მოიცავს. მიწა ამჟამად „ქართუს“ საკუთრებაშია, თუმცა 2023 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ის კომპანია Central Park Avenue LLC-ს უნდა გადაეცეს. ამ ეტაპზე მხოლოდ მიწის მცირე ნაწილია გადაფორმებული, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის გადაცემა საბოლოო გადახდის შემდეგ მოხდება.
The Guardian-ის სტატიაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის განცხადებაა მოყვანილი, რომლის თანახმად ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ივანიშვილის ოჯახი ჯამში 511 880 კვადრატულ მეტრ მიწას ფლობდა. მისი თქმით, აქედან 431 735 კვადრატული მეტრი სახელმწიფოს გადაეცა და იქ ცენტრალური პარკი შენდება, დარჩენილი დაახლოებით 80 000 კვადრატული მეტრის გაყიდვაზე კი წინასწარი შეთანხმება 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა.
მთავრობის წარმომადგენლები პროექტს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ Trump Organization-ის საქართველოში შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკური გარემოს მიმართ ნდობის მაჩვენებელია. „როდესაც ტრამპის კომპანია საქართველოში საკუთარი ბრენდით შემოდის, ეს ნიშნავს, რომ მას არსებული გარემო კარგად ესმის. ბუნებრივია, ტრამპი და მისი კომპანია ფრთხილობენ, რათა მათ მიერ შექმნილი რეპუტაცია დაიცვან,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ამის საპირისპიროდ, პროექტს კრიტიკულად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერის, სანდრო ქევხიშვილის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ Trump Tower-ი „მხოლოდ კერძო ბიზნესინიციატივა არა არის და მას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს“. მისივე განცხადებით, შეშფოთებას იწვევს როგორც მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესმენების მონაწილეობა, ისე ის ფაქტი, რომ მიწა დღემდე ფონდ „ქართუს“ საკუთრებაშია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან არის დაკავშირებული.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მეორე უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის შეფასებით, ყოფილი პრემიერი ამჟამად ოჯახთან ერთად $2.7 მილიარდს ფლობს და სიმდიდრით ქვეყანაში მხოლოდ მიხეილ ლომთაძეს ჩამორჩება – Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აქციონერი $6 მილიარდის ქონებას ფლობს.













