FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა ტრამპს შეწყალების მოთხოვნით მიმართა

FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა ტრამპს შეწყალების მოთხოვნით მიმართა

ფოტო: AP/Seth Wenig

 

კრიპტობირჟა FTX-ის თანადამფუძნებელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა, რომელიც ამჟამად 25-წლიან სასჯელს იხდის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეწყალების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. ბენკმენ-ფრიდის მოთხოვნა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შეწყალების საკითხთა ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა, სადაც მინიჭებული აქვს სტატუსი — „შეწყალება სასჯელის მოხდის შემდეგ“.

FTX-ის თანადამფუძნებელს ფულის გათეთრების, მომხმარებელთა თანხების მიტაცებისა და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, თაღლითობისა და ინვესტორთა აქტივების მიტაცების ბრალდებით 25-წლიანი პატიმრობა აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ 2024 წელს შეუფარდა. თვეების განმავლობაში ბენკმენ-ფრიდი საკუთარი იმიჯის აღდგენაზე აქტიურად მუშაობდა — მათ შორის, პლატფორმა X-ზე ტრამპის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენების შესახებ, და აშშ-ის პრეზიდენტს შეწყალებების შესახებ რიგი გადაწყვეტილებების გამოც აქებდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, სემ ბენკმენ-ფრიდი დონალდ ტრამპისგან ითხოვს გაუუქმდეს ბრალდება იმის შესახებ, რომ მისმა თაღლითურმა სქემამ კრიპტობირჟა FTX-ის გაკოტრება გამოიწვია. ცნობისთვის, FTX-მა 2022 წლის ნოემბერში კოლაფსი განიცადა და გადახდისუუნარო გახდა, ხოლო მოგვიანებით გაკოტრების შესახებ გამოაცხადა.

ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში Fox Business-თან საუბრისას, სემ ბენკმენ-ფრიდმა, რომელიც წარსულში დემოკრატების მსხვილ დონორთა შორისაც იყო, განაცხადა, რომ შეწყალების მიღება სურს, თუმცა ეს სრულად პრეზიდენტ ტრამპის გადასაწყვეტია.

ბენკმენ-ფრიდმა შეწყალების მოთხოვნა სტანდარტული გზით, იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური ოფისის მეშვეობით შეიტანა. ოფისი ყოველწლიურად ათასობით მსგავს განაცხადს ამუშავებს, სანამ შემდგომ პრეზიდენტ ტრამპს წარუდგენს. თუმცა მეორე ვადით პრეზიდენტობისას ტრამპმა ბიუროკრატიული პროცესის გვერდის ავლით გადაწყვეტილება არაერთგზის მიიღო.

ყურადღების მისაქცევად კი ბენკმენ-ფრიდმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსამართლე ლუის კაპლანი, რომელმაც მისი თაღლითობის საქმე განიხილა, ზუსტად ის მოსამართლეა, რომელმაც ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების საქმე წარმართა. „მან ზუსტად იგივე სცენარი გამოიყენა @realDonaldTrump-ის წინააღმდეგაც“, — დაწერა ბენკმენ-ფრიდმა თებერვალში X-ზე.

სწორედ მეორე ვადით პრეზიდენტობისას დონალდ ტრამპმა კრიპტობირჟა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჭაო შეიწყალა. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და შეიწყალა ჭაო, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის ფარგლებში დევნიდა.