ფოტო: SOPA Images/LightRocket via Getty Images
ტექნოლოგიურმა გიგანტმა Oracle-მა 2026 ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში რეკორდული შემოსავალი დააფიქსირა, თუმცა კომპანიის აქციების ფასი მაინც დაეცა – ინვესტორებს იმედი მომავალი წლის ფინანსურმა პროგნოზმა გაუცრუა.
კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $19.2 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 21%-იანი ზრდაა და ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $19.1 მილიარდს აღემატება. ერთ აქციაზე მოგებამ $2.11-ს მიაღწია, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $1.96-ს ელოდნენ.
განსაკუთრებით სწრაფი ზრდა Oracle-ის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმართულებამ აჩვენა. ამ სეგმენტის შემოსავალი 93%-ით გაიზარდა და $5.8 მილიარდს მიაღწია.
მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა, ბაზრის რეაქცია ნეგატიური იყო. საინვესტიციო კვლევითი კომპანია Vital Knowledge-ის ანალიტიკოსების შეფასებით, Oracle-ის შედეგები მისაღები იყო, თუმცა კომპანია კვლავ დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელიც მზარდი შეკვეთების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. მისი თქმით, ეს მომავალში დამატებითი ვალისა და კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობას შექმნის.
ინვესტორების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი 2027 ფისკალური წლის პროგნოზი გახდა. Oracle-მა უცვლელად დატოვა მანამდე გამოცხადებული მოლოდინი და კვლავ პროგნოზირებს, რომ წლიური შემოსავალი $90 მილიარდს მიაღწევს. ბაზრის ნაწილი კი უფრო მაღალი პროგნოზის გამოქვეყნებას ელოდა.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Oracle-ის აქციების ფასი დამატებით 4%-ზე მეტით დაეცა და $200-ის ნიშნულს ქვემოთ ჩამოვიდა. მანამდე, ძირითადი სავაჭრო სესიის დასრულებისას, კომპანიის აქციების ღირებულება 2%-ზე მეტით იყო შემცირებული და $201.26-ს შეადგენდა.
აქციების ვარდნა Oracle-ის თანადამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონებაზეც აისახა. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება ამჟამად $247.8 მილიარდს შეადგენს, რაც ელისონს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეხუთე პოზიციას ანიჭებს. ელისონმა, რომელიც Oracle-ის აქციების დაახლოებით 41%-ს ფლობს, გასული ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით $50 მილიარდის ქონება დაკარგა.
შეგახსენებთ, Oracle-მა 2025 ფისკალური წელი $57 მილიარდის შემოსავლით დაასრულა. სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსად, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებს ისიც აქტიურად აფართოებს. კომპანიას მრავალმილიონიანი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიც Meta, NVIDIA და OpenAI-ია.














