მაიკლ დელი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა

მაიკლ დელი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა

ფოტო: Getty Images

 

Dell Technologies-ის აქციების ღირებულების მორიგი მკვეთრი ზრდის ფონზე, კომპანიის დამფუძნებელმა, მაიკლ დელმა ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში Oracle-ის თანადამფუძნებელს, ლარი ელისონს გადაასწრო და მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესი ადამიანი გახდა. Forbes-ის შეფასებით, დელის ქონება 3.3%-იანი ზრდის შემდეგ $234 მილიარდს შეადგენს.

დელის ქონების ზრდა ოთხშაბათს, სავაჭრო სესიის განმავლობაში, Dell Technologies-ის აქციების ფასის 3.7%-ით მატებას მოჰყვა. ამის პარალელურად კი 2.5%-ით, $230.8 მილიარდამდე შემცირდა ლარი ელისონის სიმდიდრე, რაც Oracle-ის აქციების ფასის 2.6%-იანმა ვარდნამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ Oracle-ის აქციების ღირებულება, პირველ ივნისს დაფიქსირებული წლიური რეკორდის ($248.15) შემდეგ, კლების ტენდენციას აჩვენებს.

ამჟამად Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა განახლებად რეიტინგში დელი მეხუთე პოზიციას ინარჩუნებს, უშუალოდ Amazon-ის დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ჯეფ ბეზოსის ($248 მილიარდი) შემდეგ, ხოლო მეორე და მესამე პოზიციებს Google-ის თანადამფუძნებლები, ლარი პეიჯი ($297 მილიარდი) და სერგეი ბრინი ($274 მილიარდი) ინაწილებენ.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კი, $1.3 ტრილიონით, ილონ მასკია, რომელიც SpaceX-ის რეკორდული IPO-ს შემდეგ პლანეტის პირველი ტრილიონერი გახდა.

რაც შეეხება მაიკლ დელს, მისი ქონების ზრდა პირდაპირ კავშირშია Dell Technologies-ში მილიარდერის კუთვნილებაში არსებულ 40%-იან წილთან. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, როდესაც Dell Technologies-ის ერთი აქცია $127-ის ფარგლებში ივაჭრებოდა, მათი ღირებულება 200%-ზე მეტითაა გაზრდილი. კომპანიამ უდიდესი ფინანსური სარგებელი ხელოვნური ინტელექტის ბუმიდან მიიღო.

Dell Technologies-ის ბოლო კვარტალურმა ანგარიშმა Wall Street-ის მოლოდინს გადააჭარბა, კერძოდ: შემოსავლები წლიურად 88%-ით, ხოლო უშუალოდ AI-ოპტიმიზებული სერვერების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 757%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს Dell-ი მხოლოდ AI-დან $60 მილიარდის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს, რაც თებერვალში ნავარაუდებ $50 მილიარდზე საგრძნობლად მეტია.