Photo by Jannik on Unsplash
ევროპის რეგიონში წარმოდგენილი NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები ცივი ომის შემდგომ პიკურ ნიშნულზეა. თავდაცვაზე ყველაზე მეტს კი ალიანსში შემავალი ის ქვეყნები ხარჯავენ, რომლებიც გეოგრაფიულად რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარეობენ. თუმცა კონტინენტი ძირითადად მაინც ორ ნაწილად იყოფა: ერთ მხარეს არიან ე.წ. „ფრონტის ხაზის” ქვეყნები, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ის 5%-იან წილს სწრაფად უახლოვდებიან, ხოლო მეორე მხარეს ქვეყნები, რომლებიც თავდაცვის მხოლოდ მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილებით შემოიფარგლებიან.
2025 წელს NATO-ში შემავალმა ევროკავშირის თითქმის ყველა წევრმა სახელმწიფომ დააკმაყოფილა ალიანსის მოთხოვნა, რომელიც ჯგუფის თავდაცვისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გამოყოფას ითვალისწინებს. ალიანსის ევროპულმა სახელმწიფოებმა 2025 წელს თავდაცვითი ხარჯები 14%-ით, დაახლოებით 739 მილიარდ ევრომდე გაზარდეს, რაც SIPRI-ის აპრილის მონაცემებით, 1950-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი მატებაა.
კოლექტიურად, ალიანსის წევრმა EU-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ის 2.5% დახარჯეს, რაც წლიურ ჭრილში 0.4%-იანი მატებაა. თუმცა ბალტიის ქვეყნები, და მათთან ერთად პოლონეთი და დანია მნიშვნელოვნად უსწრებენ სხვა სახელმწიფოებს, რადგან თითოეული მათგანი თავდაცვაზე მშპ-ის 3%-ზე მეტს ხარჯავს. თუმცა სამხედრო შესაძლებლობების ზრდა ხარჯების ზრდის მასშტაბს არ ემთხვევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Oxford Economics-ის უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, რომ თავდაცვითი ტექნიკის შესყიდვების დაახლოებით 40% ევროკავშირის გარეთ მყოფ მიმწოდებლებზე მოდის.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომლებიც ალიანსში თავდაცვაზე ყველაზე მეტს გამოყოფენ, პირველ ადგილზე პოლონეთია — 2025 წელს თავდაცვაზე დახარჯული მშპ-ის 4.48%-ით. შედეგად, პოლონეთი არა მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უსწრებს, რომელმაც გასულ წელს მშპ-დან 3.22% გამოყო. შემდგომ მოდიან ე.წ. „ფრონტის ხაზის ქვეყნები”: ლიეტუვა — 4%, ლატვია — 3.73% და ესტონეთი — 3.38%. შედეგად ცალსახაა, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან უფრო ახლოს არიან, ალიანსში თავდაცვის ხარჯებით ლიდერობენ.
მაღალი ხარჯვითი წილით გამოირჩევიან დანია, ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ალიანსის თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტიდან, შესაბამისად, 3.22%-ს, 2.77%-სა და 2.51%-ს გამოყოფენ. ლიდერებს შორისაა საბერძნეთიც, რომელიც თავდაცვისთვის მშპ-ის 2.85%-ს ხარჯავს. აღნიშნული ნაწილობრივ თურქეთთან გრძელვადიანი დაპირისპირებით აიხსნება.
Oxford Economics-ის პროგნოზით, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და სკანდინავიური სახელმწიფოები თავდაცვითი ხარჯებით ალიანსში წამყვან პოზიციებს მომავალშიც შეინარჩუნებენ. უფრო მეტიც, მათი ნაწილი უკვე 2035 წლისთვის 5%-იან მიზანსაც მიაღწევს.
თუმცა ევროპის მეორე მხარეს არიან სახელმწიფოები, რომლებიც მხოლოდ მშპ-ის 2%-იან ზღვარს აკმაყოფილებენ. მაგალითად, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი იმ ქვეყნების რიგებში არიან, რომლებიც ალიანსის თავდაცვისთვის მშპ-ის 2%-ს ან მცირედით მეტს გამოყოფენ. სლოვენიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის მაჩვენებლები 2.02%-დან 2.06%-მდე მერყეობენ. თუმცა თავდაცვის ხარჯები მშპ-სთან მიმართებით გასულ წელს უნგრეთსა და ჩეხეთში შემცირდა.
Oxford Economics-ის პროგნოზით, 2026 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით თავდაცვის ხარჯების მხოლოდ 0.1%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც ამ ქვეყნებისთვის საშუალოდ მშპ-ის 2.6%-იან წილს ნიშნავს. ეს კი პრაქტიკულად სტაგნაციაა და გარკვეულწილად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ესპანეთმა, გერმანიამ და იტალიამ თავდაცვითი ხარჯები 2025 წელს დაახლოებით ნახევარი პროცენტული პუნქტით გაზარდეს. ანალიტიკოსების შეფასებითვე, ამ ზრდის ნაწილი რეალური სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ გამოიხატება და შესაძლოა მხოლოდ ბუღალტრულ ანგარიშებში აისახოს.
ახალი მიზანი ასევე მოიცავს 1.5%-იან კომპონენტს „თავდაცვასთან დაკავშირებული“ ინფრასტრუქტურისთვის, რომლის ზუსტი განმარტება ბუნდოვანია. Oxford Economics-ის აღნიშვნით, არის შემთხვევები, როდესაც ქვეყნებს სამოქალაქო პროექტებიც კი, თუნდაც საავადმყოფოები, თავდაცვის ხარჯებში შეჰყავთ. ეს კი მკაფიო სურათის მიღებას კიდევ უფრო გვირთულებს. ზრდის უფრო მყარი ნაწილი უმეტესად სამხედრო ტექნიკაზე მოდის. მაგალითად, მხოლოდ აღჭურვილობაზე 2021 წლიდან ზრდის თითქმის 0.5% მოდის, ახლა კი სამხედრო აღჭურვილობა მთლიანი ხარჯების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს.
ცნობისთვის, The Hague summit-ზე ალიანსმა ახალი მიზანიც განსაზღვრა, რომლის თანახმადაც, 2035 წლამდე ალიანსის თავდაცვის ხარჯები წევრი სახელმწიფოებისთვის მშპ-ის 5%-მდე უნდა გაიზარდოს. აქედან კი ძირითად თავდაცვის თემებზე 3.5% უნდა მოდიოდეს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ NATO-ს საშუალო მაჩვენებელი 2025 წელს მხოლოდ 2.76% იყო, ამ სამიზნე ნიშნულის მიღწევა ქვეყნებისთვის დიდ თავსატეხს აჩენს.
ამჟამად მხოლოდ პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის შემთხვევაში ძირითად თავდაცვაზე გათვალისწინებული ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 5%-ით. ხოლო დანარჩენი დიდი ევროპული ეკონომიკებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 1–1.5 პროცენტული პუნქტით ზრდა.
ამჟამად, ევროკავშირში შემავალი NATO-ს წევრი ქვეყნების ათეული, ალიანსის თავდაცვაზე გამოყოფილი მშპ-ის წილის მიხედვით ასეთია (2025წ.):
- პოლონეთი – მშპ-ის 4.48%
- ლიეტუვა – მშპ-ის 4%
- ლატვია – მშპ-ის 3.73%
- ესტონეთი – მშპ-ის 3.38%
- დანია – მშპ-ის 3.22%
- საბერძნეთი – მშპ-ის 2.85%
- ფინეთი – მშპ-ის 2.77%
- შვედეთი – მშპ-ის 2.51%
- ნიდერლანდები – მშპ-ის 2.49%
- რუმინეთი – მშპ-ის 2.28%









