კრემლმა 2025 წელს ჩინეთის მიერ რუსი სამხედროების გადამზადების საიდუმლო პროგრამა დაამტკიცა | Reuters

კრემლმა 2025 წელს ჩინეთის მიერ რუსი სამხედროების გადამზადების საიდუმლო პროგრამა დაამტკიცა | Reuters

ფოტო: Xinhua / Alamy

 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ 2025 წელს ჩინეთის მიერ რუსი სამხედროების გადამზადების პროგრამა უმაღლეს დონეზე დაამტკიცა. როგორც მედიასააგენტო ევროპელ მაღალჩინოსნებსა და მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, სამხედრო თანამშრომლობა პირადად რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა, დაამტკიცა, ხოლო პროგრამაში, სულ მცირე, ოთხი რუსი და ჩინელი გენერალი მონაწილეობდა.

Reuters-ის ცნობით, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ 2025 წლის 2 ივლისს გაფორმებულ შეთანხმებას რუსეთის მხრიდან გენერალ-მაიორმა რუსტამ ხუსაინოვმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან უფროსმა პოლკოვნიკმა სუნ დაიუნმა მოაწერეს ხელი.

ევროპელი ოფიციალური პირების შეფასებით, უკრაინის ომთან დაკავშირებულ სამხედრო სწავლებაში მსგავსი მაღალი რანგის სამხედროების ჩართვა მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსკოვისა და პეკინისთვის თანამშრომლობის გაღრმავება. თუმცა თავად ჩინეთი ამ ფაქტს უარყოფს.

Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ რუსულ დოკუმენტში დატანილია ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, 2025 წლის აგვისტოში, თავდაცვის მინისტრის შიდა განკარგულების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ჩინეთში გაემგზავრა. რუსეთის მიერ წარდგენილი დელეგაცია ჩინეთში სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის სამხედრო ობიექტებზე სასწავლო კურსებში მონაწილეობდა.

დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო პროგრამებიდან ერთ-ერთი 2025 წლის ნოემბერში პეკინში მიმდინარეობდა და 3-კვირიანი სწავლების ფარგლებში მოიცავდა რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებს. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ რუს სამხედროებს ლექციებს ჩინელი ინსტრუქტორები უტარებდნენ. ისინი სწავლობდნენ ბირთვული რეაქტორის მოდელის თავისებურებებს, „ქიმიურ დაზვერვას“, „რადიაციულ დაზვერვას“ და სავენტილაციო სისტემების დაბინძურებისგან დაცვის მეთოდებს.

როგორც Reuters-თან ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის მიმართულებით სწავლება მიანიშნებს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებდა. თუმცა თავად რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის სამინისტროებს Reuters-ის კითხვებისთვის არ უპასუხიათ, ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით პეკინის პოზიცია უცვლელია, ხოლო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებია“.