ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2026 წლის „გლობალური მშვიდობის ინდექსის“ თანახმად, მსოფლიოში მშვიდობის დონე ზედიზედ უკვე მეთორმეტე წელია, რაც უარესდება. ბოლოდროინდელი უარყოფითი ტენდენციის მიღმა შეიარაღებული კონფლიქტების ზრდა, გეოპოლიტიკური დაყოფის გაღრმავება და სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდაა, რაც საერთაშორისო სტაბილურობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ინდექსი ჯამში 163 ქვეყანასა და ეკონომიკას 23 სხვადასხვა ინდიკატორზე დაყრდნობით აფასებს. აღნიშნული მოიცავს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონეს, ასევე მიმდინარე კონფლიქტებსა და ქვეყნის მილიტარიზაციის დონესაც კი.
ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში უცვლელად დასავლეთ ევროპის წარმომადგენლები დომინირებენ. კერძოდ, ისლანდია ზედიზედ უკვე მე-19 წელია, მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. ხუთეულში ასევე გვხვდებიან ახალი ზელანდია, შვეიცარია, სლოვენია და ირლანდია.
რეიტინგის ბოლოში კი, ყველაზე ნაკლებად მშვიდობიან ქვეყნებს შორის დასახელდნენ რუსეთი, უკრაინა, სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ისრაელი. ეს გასაკვირი ნამდვილად არაა, რადგან რუსეთი 2022 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს, სუდანში 2023 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ათწლეულებია, შეიარაღებული დაჯგუფებები მოქმედებენ, ხოლო ისრაელი 2023 წლიდან ღაზის სექტორში მიმდინარე ომისა და რეგიონული დაძაბულობის ფონზე უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ინდექსის შედეგები აჩვენებს, რომ მიმდინარე გლობალური კონფლიქტები არა მხოლოდ გეოგრაფიულად ფართოვდება, არამედ უფრო ხანგრძლივიც კი ხდება. მაგალითად, 2008 წლიდან დღემდე, მშვიდობის ინდექსის მაჩვენებელი 119 სახელმწიფოში გაუარესდა, ხოლო გასული წლის განმავლობაში პოზიციები 99 ქვეყანამ დაკარგა, მაშინ როდესაც მდგომარეობა მხოლოდ 62 ქვეყნის შემთხვევაში გაუმჯობესდა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიარაღებული კონფლიქტების ზრდაა. დღეს, გლობალურად, სახელმწიფოებს შორის მიმდინარე აქტიური ომების რიცხვი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ამასთან, 2008 წელთან შედარებით, თითქმის 75%-ით გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საზღვრებს გარეთ მიმდინარე კონფლიქტებშიც მონაწილეობენ.
პარალელურად, სახელმწიფოები სამხედრო შესაძლებლობებსაც აძლიერებენ. მათ შორის, გლობალური სამხედრო დანახარჯები უკვე ზედიზედ მეათე წელია, მატულობს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში მზარდ გეოპოლიტიკურ კონკურენციასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე მიუთითებს.
საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც. 2026 წლის რეიტინგში შეერთებული შტატები 163 ქვეყანას შორის 134-ე პოზიციას სჯერდება, რაც გასულ წელთან შედარებით ექვსი პოზიციით გაუარესებული შედეგია. ინდექსის თანახმად, ამის მთავარი მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობის გამძაფრება და ძალადობრივი საპროტესტო აქციების გახშირებაა. ანგარიშის ავტორების შეფასებით, აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის დონე 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალია.
ცნობისთვის, სიაში 163 ქვეყნიდან 94-ე პოზიციას იკავებს საქართველო და ინდექსის ქულით — 2.07 აქვს მინიჭებული. რაც შეეხება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს, სომხეთი 1.83 ქულით, 51-ე პოზიციაზეა, აზერბაიჯანი 2.14 ქულით, 110-ე ადგილზე, ხოლო თურქეთი 2.61 ქულით, 136-ე პოზიციაზე.
მსოფლიოს ტოპ-15 ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა:
| ადგილი | ქვეყანა | 2026 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის ქულა (5-დან) | რეგიონი |
|---|---|---|---|
| 1 | ისლანდია | 1.16 | ევროპა |
| 2 | ახალი ზელანდია | 1.34 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი |
| 3 | შვეიცარია | 1.36 | ევროპა |
| 4 | სლოვენია | 1.37 | ევროპა |
| 5 | ირლანდია | 1.37 | ევროპა |
| 6 | ავსტრია | 1.42 | ევროპა |
| 7 | პორტუგალია | 1.43 | ევროპა |
| 8 | სინგაპური | 1.44 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი |
| 9 | ფინეთი | 1.48 | ევროპა |
| 10 | იაპონია | 1.49 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი |
| 11 | დანია | 1.50 | ევროპა |
| 12 | მალაიზია | 1.51 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი |
| 13 | ჩეხეთი | 1.52 | ევროპა |
| 14 | კანადა | 1.53 | ამერიკა |
| 15 | უნგრეთი | 1.54 | ევროპა |
მსოფლიოს ტოპ-15 ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყანა:
| ადგილი | ქვეყანა | 2026 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის ქულა (5-დან) | რეგიონი |
|---|---|---|---|
| 163 | რუსეთი | 3.37 | ევროპა |
| 162 | სუდანი | 3.20 | აფრიკა |
| 161 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 3.19 | აფრიკა |
| 160 | უკრაინა | 3.18 | ევროპა |
| 159 | ისრაელი | 3.12 | ახლო აღმოსავლეთი |
| 158 | სამხრეთ სუდანი | 3.12 | აფრიკა |
| 157 | ავღანეთი | 3.11 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი |
| 156 | იემენი | 3.08 | ახლო აღმოსავლეთი |
| 155 | სირია | 3.07 | ახლო აღმოსავლეთი |
| 154 | მალი | 3.00 | აფრიკა |
| 153 | სომალი | 2.97 | აფრიკა |
| 152 | პაკისტანი | 2.92 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი |
| 151 | მიანმარი | 2.91 | აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი |
| 150 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 2.91 | აფრიკა |
| 149 | ბურკინა-ფასო | 2.88 | აფრიკა |














