მიმდინარე კვირაში, სამშაბათს და ოთხშაბათს, NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეიკრიბებიან. ეს სამიტი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან ბოლო პერიოდში ალიანსის მისამართით აშშ-ის პრეზიდენტისგან კრიტიკა საგრძნობლად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი NATO-ს დაფინანსების საკითხს და ამ მიმართულებით ევროპის როლის ზრდას მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს. მისივე ინიციატივით, რამდენიმე თვის წინ აშშ-მა ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო.
რა საკითხებს განიხილავენ სამიტზე?
ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას მოუწოდა, თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციები გაზარდოს და კონტინენტის თავდაცვაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.
შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ სამიტზე ყურადღებას გაამახვილებენ თავდაცვის ხარჯების სამიზნე ნიშნულის მიღწევაზე, შეიარაღების ინდუსტრიული წარმოების გაზრდაზე და კონტინენტის თავდაცვის „ტვირთვის“ აშშ-დან ევროპაზე გადატანის პოტენციურ გზებზე.
ვინ დაესწრება სამიტს?
სამიტს NATO-ს წევრი 32 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპი დაესწრება.
დიდი ალბათობით, NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან სადილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან.
გარდა ამისა, ანკარაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კოლეგებს შეხვდებიან.
თავდაცვის მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის ამავე თანამდებობის პირებთან.
რას იტყვიან ლიდერები თავდაცვაზე?
ევროპელი ლიდერები შეეცდებიან ტრამპს აჩვენონ, რომ ისინი ასრულებენ გასულ წელს ჰააგაში გამართულ სამიტზე დადებულ პირობას, რომ 2035 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს თავდაცვასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დახარჯავდნენ.
„2025 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ინვესტიციები $139 მილიარდზე მეტით გაზარდეს“, – ნათქვამია მედიაში გავრცელებულ სამიტის ერთობლივ სავარაუდო დეკლარაციაში.

















