აშშ-ისა და პორტუგალიის გავარდნის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ბილეთები 60%-ით გაიაფდა

აშშ-ისა და პორტუგალიის გავარდნის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ბილეთები 60%-ით გაიაფდა

ფოტო: Juan Luis Diaz/Quality Sport Images/Getty Images

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის ბილეთების ფასი, აშშ-ისა და პორტუგალიის ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ, მეორად ბაზარზე თითქმის 60%-ით შემცირდა.

TickPick-ის მონაცემებით, პარასკევს ლოს-ანჯელესში გასამართ მატჩზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთის ღირებულება 2,950 დოლარიდან დაახლოებით 1,200 დოლარამდე დაეცა.

ფასების მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც აშშ-ის ნაკრები მეოთხედფინალში ვერ გავიდა. შეგახსენებთ, გუნდმა ორშაბათს, სიეტლში, ბელგიასთან 4:1 წააგო.

იმავე დღეს ესპანეთმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა, რითაც მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუს კარიერა დაასრულა. პორტუგალიის გამოვარდნამ ლოს-ანჯელესში გასამართი მეოთხედფინალური მატჩის მიმართ ინტერესიც შეამცირა, რადგან აშშ-ისა და პორტუგალიის შესაძლო დაპირისპირება გაცილებით დიდ კომერციულ ინტერესს იწვევდა.

TickPick-ის ინფორმაციით, მეოთხედფინალებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომი ამჟამად საფრანგეთისა და მაროკოს შეხვედრაა, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ფოქსბოროში გაიმართება. ამ მატჩზე ბილეთების საწყისი ფასი 989 დოლარს შეადგენს.

ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი ამ დროისთვის 9,346 დოლარი ღირს, თუმცა მისი ღირებულება, სავარაუდოდ, ფინალში გასული გუნდების მიხედვით შეიცვლება. ფინალური მატჩი 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში გაიმართება.

ბუკმეიკერების შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთია, შემდეგ ესპანეთი, არგენტინა და ინგლისი.

SeatPick-ის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალების ბილეთების საშუალო საწყისი ფასი ბოლო 24 საათში 31.5%-ით, ხოლო ბოლო სამ დღეში 50.4%-ით შემცირდა. ამასთან, მეორად ბაზარზე გასაყიდად ხელმისაწვდომი ბილეთების რაოდენობა 49,415-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ჩემპიონატის დაწყებისას ეს მაჩვენებელი 28,285 იყო.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბილეთების ღირებულებით ტურნირის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ჩემპიონატია. საწყის ეტაპზე ბილეთების ფასები წინა მსოფლიო ჩემპიონატებთან შედარებით შვიდჯერ უფრო მაღალი იყო.