სამხრეთკორეულმა ჩიპების მწარმოებელმა, SK Hynix-მა, Nasdaq-ზე დებიუტამდე აშშ-ის ისტორიაში უცხოური კომპანიის ყველაზე მსხვილი IPO განახორციელა და 26.51 მილიარდი დოლარი მოიზიდა.
კომპანიის ინფორმაციით, ვაჭრობა Nasdaq-ზე დღეს, 10 ივლისს, ტიკერით SKHY დაიწყება. SK Hynix-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გამოუშვებს 177.9 მილიონ ამერიკულ სადეპოზიტო ქვითარს (ADR), ანუ უცხოური კომპანიის აქციების საკუთრების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელთა ფასი 149 აშშ დოლარია. თითო ჩვეულებრივ აქციას 10 ADR შეესაბამება, შესაბამისად, ერთი აქციის ღირებულება 1,490 დოლარია, რაც ოდნავ აღემატება სეულის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ დაახლოებით 1,450-დოლარიან ფასს.
26.51 მილიარდი დოლარის მოცულობის IPO აშშ-ის ბაზარზე უცხოური კომპანიისთვის რეკორდულია. ისტორიაში ეს მესამე ყველაზე მსხვილი პირველადი განთავსებაა – მხოლოდ Saudi Aramco-ს 2019 წლის $29.4-მილიარდიან და SpaceX-ის $85.7-მილიარდიან განთავსებებს ჩამორჩება.
კომპანიის განცხადებით, მოზიდული კაპიტალი ჩიპების საწარმოო სიმძლავრეების გაზრდასა და თანამედროვე საწარმოო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
Reuters-ის ინფორმაციით, SK Hynix-ის ამერიკულ შეთავაზებაზე მოთხოვნა ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობას შვიდჯერ აღემატებოდა, რაც ინვესტორების მაღალ ინტერესზე მიუთითებს.
Nasdaq-ზე დებიუტის შემდეგ SK Hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით ის სამხრეთ კორეაში მეორე უმსხვილესი საჯარო კომპანიაა Samsung Electronics-ის შემდეგ, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან, SK Hynix-ი მსოფლიოში მეხსიერების ჩიპების მწარმოებელ კომპანიებს შორის მესამე ადგილს იკავებს.
კომპანიის აქციები მიმდინარე წელს სეულის საფონდო ბირჟაზე 222%-ით არის გაძვირებული. შედეგად, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ დეკემბერში არსებული დაახლოებით 250 მილიარდი დოლარიდან მაისში 1 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა.
















