ფოტო: english.aawsat.com
ელექტრომობილების მწარმოებელმა Lucid Motors-მა გაკოტრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო მას შემდეგ, რაც მსგავსი ცნობების ფონზე კომპანიის აქციები ერთ მომენტში 55%-ზე მეტით გაუფასურდა.
სამშაბათს Lucid-ის აქციებით ვაჭრობა მაღალი ვოლატილობის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. ფასმა დღის განმავლობაში მინიმუმ 2.37 დოლარამდე დაიკლო, თუმცა მოგვიანებით ნაწილობრივ აღდგა და 4.68 დოლარამდე ავიდა. მიუხედავად ამისა, აქციები დღის ჭრილში მაინც დაახლოებით 15%-იან მინუსში რჩებოდა.
აქციების მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ელექტრომობილებზე სპეციალიზებულმა გამოცემა EV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Lucid Motors-მა საკონსულტაციო კომპანია AlixPartners-ს კომპანიის სტრატეგიულ ალტერნატივებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის მომზადება სთხოვა, რომელიც დირექტორთა საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე უნდა განიხილონ.
გამოცემის წყაროების ცნობით, ანგარიშში შესაძლოა განხილული იყოს კომპანიის კიდევ ერთი რესტრუქტურიზაცია, კერძო კომპანიად გადაქცევა ან Chapter 11-ის ფარგლებში გაკოტრებისგან დაცვის პროცედურის დაწყებაც.
თუმცა ამერიკული Forbes-ის წერს, რომ გამოცემისთვის გაგზავნილ განცხადებაში Lucid Motors-ის კომუნიკაციების მიმართულების დირექტორმა ნიკ ტვორკმა გავრცელებულ ცნობებს „სრულიად მცდარი“ უწოდა.
მისი თქმით, კომპანიას მომდევნო ერთი წლისთვის საკმარისი ლიკვიდობა აქვს და დირექტორთა საბჭოს არც სპეციალური კომიტეტი შეუქმნია იმ სცენარების განსახილველად, რომლებზეც მედია წერდა.
ტვორკის განმარტებით, AlixPartners-ი Lucid-ს მხოლოდ ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში, ბიზნესპროცესების გაძლიერებასა და კომპანიის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. მისი თქმით, ამ ეტაპზე საკონსულტაციო კომპანიას გაკოტრება რეკომენდაციის სახით არ განუხილავს.
Lucid Motors-ი, რომელიც Tesla-ს ყოფილმა ინჟინერმა დააფუძნა, საფონდო ბირჟაზე 2021 წელს, SPAC-გარიგების გზით გავიდა. იმ პერიოდში კომპანიის შეფასება 24 მილიარდ დოლარს აღწევდა და მას Tesla-ს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნევდნენ. კომპანიის საკონტროლო პაკეტს საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი ფლობს.
თუმცა მას შემდეგ Lucid-ის აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა. 2021 წლის ნოემბერში ერთი აქციის ღირებულებამ 577.50 დოლარის პიკსაც კი მიაღწია. დღეს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2026 წლის პირველ კვარტალში Lucid Motors-მა 1.13 მილიარდ დოლარზე მეტი წმინდა ზარალი დააფიქსირა. ამავე პერიოდში კომპანიამ თანამშრომლების რაოდენობა ორ ეტაპად შეამცირა – თებერვალში სამუშაო ძალის 12%, ხოლო ივნისში დამატებით 18%.









