მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი ჩინური ChangXin Memory Technologies-ი (CXMT) ადგილობრივ ბაზარზე 2010 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილი IPO-სთვის ემზადება. კომპანია აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისას $9.8 მილიარდის მოზიდვას განიხილავს, რის შემდეგაც, შანხაის საფონდო ბირჟაზე წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, CXMT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 მილიარდს გადააჭარბებს.
შედეგად, თუ ChangXin Memory Technologies-ი დაფინანსების რაუნდში სამიზნე თანხის მოზიდვას შეძლებს, ეს 2010 წელს ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის IPO-ს შემდეგ კონტინენტური ჩინეთისთვის უმსხვილესი ლისტინგი იქნება. CXMT ბირჟაზე ჯამში 6.6 მილიარდ აქციას, თითოეულს $1.20-ის ღირებულებით, გამოიტანს. გათვალისწინებულია დამატებით 1 მილიარდი აქციის განთავსებაც.
IPO-ზე მოზიდულ კაპიტალს ჩინური კომპანია DRAM-ის ტიპის მეხსიერების ჩიპების წარმოების გაფართოებასა და კვლევასა და განვითარებას მოახმარს. ცნობისთვის, DRAM-ჩიპები კომპიუტერებში მოკლევადიანი მონაცემების შესანახად გამოიყენება. ხელოვნური ინტელექტის კომპანიების მხრიდან DRAM-ზე მაღალმა მოთხოვნამ კი მიწოდების დეფიციტი შექმნა, განსაკუთრებით სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებლებისთვის.
გასულ თვეში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Apple-მა ჩინური CXMT-ისგან მეხსიერების ჩიპების შესყიდვაზე ნებართვისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას მიმართა. თუმცა კომპანია პენტაგონს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ არმიასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.
აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის ემზადება კიდევ ერთი ჩინური კომპანია YMTC, რომელიც NAND-ის ტიპის მეხსიერების ჩიპებს აწარმოებს. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს კონტინენტურ ჩინეთში IPO-ებზე კომპანიებმა დაახლოებით $27.6 მილიარდი მოიზიდეს, რაც 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს აღემატება და 2023 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.













