მასკმა ოჰაიოს გუბერნატორობის კანდიდატ ვივეკ რამასვამის კამპანიას $5 მილიონი შესწირა

მასკმა ოჰაიოს გუბერნატორობის კანდიდატ ვივეკ რამასვამის კამპანიას $5 მილიონი შესწირა

ფოტო: Craig Hudson for The Washington Post via Getty Images

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, ოჰაიოს გუბერნატორობის არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატის, ვივეკ რამასვამის, კამპანიის მხარდასაჭერად $5 მილიონი გაიღო. აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის (FEC) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მასკმა რამასვამის კამპანიას V-PAC თანხა მაისში გადასცა.

დამატებით, ცნობილია, რომ მეორე კვარტალში ამერიკელმა ბიზნესმენმა დაახლოებით $500 ათასი გადასცა მის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტ America PAC-ს. შედეგად, მხოლოდ მიმდინარე შუალედური საარჩევნო ციკლის განმავლობაში მასკის მიერ გაცემული პოლიტიკური შემოწირულება უკვე სულ მცირე $90 მილიონს აღწევს.

ცნობისთვის, ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი 2024 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოდნენ. თუმცა მოგვიანებით, ორივე მათგანმა კანდიდატურა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სასარგებლოდ მოხსნა. ტრამპის ადმინისტრაციაში ისინი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) თანახელმძღვანელებად დაინიშნენ.

თუმცა რამასვამიმ DOGE ტრამპის ინაუგურაციის დღეს, 2025 წლის იანვარში დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის მიზეზი შესაძლოა მასა და მასკს შორის უთანხმოება ყოფილიყო, რაც თავად რამასვამიმაც უარყო და თქვა, რომ თანახელმძღვანელებს უბრალოდ განსხვავებული მიდგომები ჰქონდათ.

DOGE-დან წასვლის შემდეგ რესპუბლიკელმა ოჰაიოს გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა და როგორც ილონ მასკის, ასევე დონალდ ტრამპის მხარდაჭერაც მიიღო. გუბერნატორობისთვის არჩევნებში რამასვამის მთავარი კონკურენტი დემოკრატი კანდიდატი ემი ექტონია.