Uber-ი საკვების მიტანის პლატფორმა Delivery Hero-ს $14.8 მილიარდად შეიძენს

Uber-ი საკვების მიტანის პლატფორმა Delivery Hero-ს $14.8 მილიარდად შეიძენს

ფოტო: brieftea.com

ამერიკულმა კომპანია Uber-მა საკვების მიტანის გერმანული პლატფორმის, Delivery Hero-ს შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. გარიგება, რომლის ღირებულებაც $14.8 მილიარდია, ჩინეთის ბაზრის გარეთ საკვების მიტანის უმსხვილესი ჯგუფის შექმნას ისახავს მიზნად.

Delivery Hero-ს შესყიდვით, Uber-ი შეძლებს კომპანიის საკვების მიტანის გლობალური ბიზნესი ახალ ბაზრებზე, მათ შორის ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში გააფართოოს და ეფექტიანი კონკურენცია გაუწიოს ისეთ მსხვილ მოთამაშეებს, როგორებიც, მაგალითად, ნიდერლანდური Prosus-ის მფლობელობაში არსებული Just Eat-ი და ამერიკული DoorDash-ი არიან. Delivery Hero-ს ცნობით, კომპანიების ერთობლივი პლატფორმა 99 ქვეყანაში იმუშავებს.

Uber-ის აღმასრულებელი დირექტორის, დარა ხოსროშაჰის, განცხადებით, Delivery Hero-სთან გარიგების შედეგად იმ ბაზრების რაოდენობის გაორმაგებასაც ელოდებიან, სადაც კომპანია მომხმარებელს ერთდროულად გადაადგილებისა და საკვების მიტანის სერვისებს სთავაზობს.

ცნობისთვის, Uber-ი, რომელიც უკვე ისედაც Delivery Hero-ს უმსხვილესი აქციონერია, გერმანულ კომპანიას თითო აქციაში €41.50-ს სთავაზობს. ეს ღირებულება Delivery Hero-ს აქციების ბოლო სამი თვის საშუალო შეწონილ ფასზე დაახლოებით 34%-ით მაღალია, ხოლო ოთხშაბათის ვაჭრობისას ბაზრის დახურვის ფასს 9%-ით აღემატება.

გარიგებას უკვე აქვს Delivery Hero-ს მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს მხარდაჭერა. თუმცა, საბოლოო შეთანხმებისთვის მარეგულირებლის დამტკიცებას საჭიროებს.

მარეგულირებელი რისკების შესამცირებლად, Delivery Hero თოთხმეტ ბაზარზე არსებულ ოპერაციებს ამერიკულ საინვესტიციო კომპანია SSW Partners-ს დაახლოებით €1.4 მილიარდად მიჰყიდის. დამატებით კი, Delivery Hero-ს ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი, Prosus-ი, მის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 17%-იანი წილის გასხვისებასაც დათანხმდა. საბოლოო გარიგება, სავარაუდოდ, 2027 წლის მეორე ნახევარში მიიღწევა.