ფოტო: Universal Pictures
კრისტოფერ ნოლანის ახალმა ფილმმა, „ოდისეამ“, ოსკაროსანი რეჟისორის კარიერაში ყველაზე წარმატებული დებიუტი აჩვენა და მსოფლიო კინოგაქირავებაში რეკორდული შედეგები დააფიქსირა. ჰომეროსის ცნობილ ეპოსზე დაფუძნებულმა ფილმმა სადებიუტო უქმეებზე გლობალურ სალაროებში $264.1 მილიონის შემოსავალი მიიღო.
შედეგად, „ოდისეამ“ გადააჭარბა ნოლანის 2012 წლის ნამუშევრის, „ბნელი რაინდის აღზევების“, საპრემიერო შემოსავალს, რომელმაც სადებიუტო უქმეებზე გლობალურ სალაროებში ბილეთების გაყიდვებიდან $249 მილიონი გამოიმუშავა. ამ შედეგებით, ნოლანის ნამუშევარმა წინასწარი პროგნოზები გაამართლა, რომელთა მიხედვით მსოფლიო მასშტაბით $258 მილიონის მიღება იყო ნავარაუდები.
თუმცა ადგილობრივ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, $124.5-მილიონიანი შემოსავლით, „ბნელი რაინდის აღზევებას“ ($160 მილიონი) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ხოლო 2026 წლის პრემიერებს შორის, „ოდისეას“ $159-მილიონიანი დებიუტით „სათამაშოების ისტორიის“ მეხუთე ნაწილი უსწრებს.
ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო როგორც კრიტიკოსებისგან, ისე მაყურებლებისგან. Rotten Tomatoes-ზე ნოლანის ახალ ნამუშევარს კრიტიკოსებისგან 95%-იანი, ხოლო მაყურებლებისგან 97%-იანი შეფასება აქვს.
თუმცა, შემოსავლებთან ერთად, გასათვალისწინებელია ფილმის ბიუჯეტიც. კერძოდ, პროექტის წარმოების ბიუჯეტი დაახლოებით $250 მილიონია, დამატებით მარკეტინგისთვის კი $125 მილიონი დაიხარჯა.















