ფოტო: istock.com
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2028 წლიდან გენერიკულ მედიკამენტებზე 100%-იანი ტარიფების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ტრამპის განცხადებით, გენერიკულ მედიკამენტებზე 100%-იანი ტარიფების დაწესება 2028 წლის აგვისტოდან იგეგმება, 2029 წლიდან კი მათი 200%-მდე გაზრდა განიხილება.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ახალი სატარიფო პოლიტიკის მიზანი ფარმაცევტულ კომპანიებზე ზეწოლის გაზრდაა, რათა საწარმოო სიმძლავრეები შეერთებულ შტატებში გადაიტანონ. როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, კომპანიებს აშშ-ში ქარხნებისა და მედიკამენტების წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად რამდენიმე წელი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი გახდებიან, მაღალი ტარიფები გადაიხადონ.
ცნობისთვის, გენერიკული მედიკამენტები არაპატენტირებული, ანუ ბრენდის გარეშე წარმოებული პრეპარატებია. გენერიკული ვერსია შეიცავს ზუსტად იმავე აქტიურ ნივთიერებას, რასაც ბრენდული მედიკამენტი, და აქვს ანალოგიური დოზირება, მიღების წესი და ეფექტი. გენერიკული მედიკამენტები არც საწყის კლინიკურ კვლევებს და არც მარკეტინგულ ხარჯებს არ საჭიროებს, რის გამოც მათი ღირებულება ბრენდირებულ პრეპარატებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თეთრმა სახლმა ბრენდირებულ და პატენტირებულ მედიკამენტებზე ტარიფები უკვე გამოაცხადა, თუმცა ქვეყნებისა და კომპანიების ნაწილისთვის რიგი გამონაკლისებიც დაუშვა. მაგალითად, იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმებებს მიაღწიეს, როგორიცაა შვეიცარია, იაპონია, ევროკავშირი და სამხრეთი კორეა, ტარიფები 15%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, სამი წლის განმავლობაში მედიკამენტებზე ნულოვანი ტარიფით ისარგებლებს გაერთიანებული სამეფოც.
ინვესტიციების გაზრდისა და მედიკამენტების ფასების შემცირების პირობით, ტარიფებზე დროებით შეღავათებს მიიღებენ ფარმაცევტული კომპანიები, მათ შორის Pfizer-ი, AstraZeneca და Novo Nordisk-ი. დამატებით კი, კომპანიებს, რომლებიც აშშ-ში ახალი საწარმოების აშენებას გეგმავენ, შეუძლიათ, კომერციის დეპარტამენტს 20%-იანი ტარიფების მოთხოვნით მიმართონ.
















