ფოტო: bitcoinmagazine.com
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებული ფინანსური ქსელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. მისი განცხადებით, ქსელი მილიარდობით დოლარის გათეთრების, სანქციების გვერდის ავლისა და ირანის სამხედრო სტრუქტურებისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვებისთვის გამოიყენებოდა.
ქსელთან კავშირის გამო აშშ-მა ირანში მოქმედი ციფრული აქტივების ბირჟები: Shelbit Exchange-ი და Aban Tether-ი, ასევე ბიზნესმენი სიავაშ ქეივანფური და საქართველოში, პოლონეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა. ცნობისთვის, ქეივანფური Shelbit Exchange-ს საქართველოში დაფუძნებული შპს Shelbit-ის მეშვეობით მართავს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, IRGC-სთან დაკავშირებულმა კრიპტო-მისამართებმა Shelbit-ის მისამართებზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა გადარიცხეს, ხოლო Shelbit-თან დაკავშირებული მისამართებიდან IRGC-სთან დაკავშირებულ საფულეებში 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა.
მისივე განცხადებით, ქეივანფურთან დაკავშირებული კრიპტო-მისამართებიდან ასევე 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა Nobitex-ზე – ირანის უმსხვილეს ციფრული აქტივების ბირჟაზე, რომელსაც აშშ-მა სანქციები 2 ივნისს დაუწესა.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, Shelbit-ი ირანულენოვან ონლაინ აზარტული თამაშების ფართო ქსელს ემსახურებოდა და ბირჟის გავლით ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები გადიოდა. Reuters-ის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი, Shelbit-ის გავლით ირანთან დაკავშირებულ ქსელში სულ მცირე 4 მილიარდი დოლარი იყო გადარიცხული. ქსელში 2 000-ზე მეტი ონლაინ აზარტული თამაშების ვებგვერდი, ირანის ცენტრალური ბანკი და IRGC-სთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები ფიგურირებდნენ.
თავად Shelbit-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მან არ იცოდა და განზრახვა არ ჰქონია, ფულის გათეთრებაში, სანქციების გვერდის ავლაში, ტერორიზმის დაფინანსებასა და სანქცირებულ და სამხედრო სტრუქტურებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში მონაწილეობა მიეღო.
როგორც აღვნიშნეთ, ცალკე სანქციები დაუწესდა Aban Tether-საც, რომელიც, აშშ-ის შეფასებით, ირანის ფინანსურ სექტორში ოპერირებდა და მილიონობით დოლარის ღირებულების ტრანზაქციებს ამუშავებდა ირანულ კრიპტობირჟებთან, მათ შორის Nobitex-თან, Wallex-თან, Bitpin-თან და Ramzinex-თან.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2 ივნისს Nobitex-სა და კიდევ სამ ირანულ კრიპტობირჟას სანქციები დაუწესა. მისი ინფორმაციით, Nobitex-მა 2025 წელს ირანში ციფრული აქტივების ყველა შემოდინების ნახევარზე მეტი დაამუშავა და IRGC-სთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელებას უწყობდა ხელს.















