ყაზახეთი რუსეთზე გამავალი ნავთობსადენის ალტერნატივად ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის დატვირთვის ზრდას განიხილავს

ყაზახეთი რუსეთზე გამავალი ნავთობსადენის ალტერნატივად ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის დატვირთვის ზრდას განიხილავს

ფოტო: en.apa.az

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის რუსეთის ალტერნატიული მარშრუტების დატვირთვის ზრდას განიხილავს, მათ შორის ბაქო–თბილისი–ჯეიჰანისა და ბაქო–სუფსის ნავთობსადენებს, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის, ასელ სერიკპაევას განცხადებაზე დაყრდნობით, ყაზახეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Qazinform-ი წერს.

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისში Caspian Pipeline Consortium-ის (CPC) მიერ ნავთობის მიღებაზე დროებითი შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ყაზახეთის ნავთობის გარკვეული მოცულობები ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებზე გადამისამართდა.

კერძოდ, ნავთობის ნაწილი აქტაუს პორტისკენ, ასევე ატასუ–ალაშანკოუსა და ატირაუ–სამარის მიმართულებებით გადაიგზავნა.

ამასთან, ყაზახეთი დამატებით განიხილავს ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის სისტემით, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ბაქო–სუფსის ნავთობსადენით.

ყაზახური ნავთობის ნაწილი უკვე გადის ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის სისტემით. ამ მარშრუტით ქვეყნის წლიური ექსპორტი ამჟამად დაახლოებით 1.2 მილიონ ტონას შეადგენს.

სერიკპაევას განცხადებით, აზერბაიჯანმა მზადყოფნა გამოთქვა, ყაზახეთიდან მიღებული ნავთობის მოცულობა წლიურად 2.2 მილიონ ტონამდე გაზარდოს.

CPC-ის მეშვეობით ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის ძირითად ნაწილს ახორციელებს, ამიტომ მილსადენის მუშაობის შეფერხებები ქვეყანას საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირების საჭიროებას უჩენს. ალტერნატიული მიმართულებების, მათ შორის საქართველოს გავლით არსებული ნავთობსადენების გამოყენება, ამ მხრივ ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს.

ცნობისთვის, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის პროექტის აქციონერები არიან აზერბაიჯანული SOCAR-ი 32.97%-იანი წილით, ბრიტანული BP — 30.1%-ით, უნგრული MOL-ი — 8.9%-ით, თურქული TPAO — 6.53%-ით, იტალიური Eni და ფრანგული TotalEnergies-ი — 5-5%-ით, იაპონური Itochu — 3.4%-ით, ინდური ONGC Videsh-ი — 3.1%-ით, ხოლო ამერიკული ExxonMobil-ი და იაპონური INPEX-ი — 2.5-2.5%-ით.