აშშ-ის სახელმწიფო ვალმა, ისტორიაში პირველად, $40 ტრილიონს გადააჭარბა

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა, ისტორიაში პირველად, $40 ტრილიონს გადააჭარბა

ფოტო: Getty Images

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალმა, ისტორიაში პირველად, $40-ტრილიონიან ზღვარს გადააჭარბა. ვალის უპრეცედენტო ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს აშშ-ის სახელმწიფო ფინანსების მდგრადობასთან მიმართებით, მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირებისა, რომ მთავრობის ხარჯებს გააკონტროლებდა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა ფედერალურმა ვალმა $40-ტრილიონიან ნიშნულს სამშაბათს გადააჭარბა. Financial Times-ის გამოთვლებით, აშშ-ის სახელმწიფო ვალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში $3 ტრილიონითაა გაზრდილი, რაც, პანდემიის პერიოდის გამოკლებით, აშშ-ისთვის ყველაზე სწრაფი წლიური მატებაა.

შედარებისთვის, აშშ-ის სახელმწიფო ვალი მიმდინარე საუკუნის დასაწყისისთვის $6 ტრილიონზე ნაკლები იყო. თუმცა ფინანსური კრიზისისა და COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მაღალმა სამთავრობო ხარჯებმა, ისევე როგორც ბიუჯეტის დეფიციტებმა, ვალის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დააჩქარა. შედეგად, მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ-ის მთლიანი სახელმწიფო ვალი გაორმაგდა.

ამავდროულად, ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების საკუთრებაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მთავრობის შიდა ვალდებულებებს არ მოიცავს. არსებული მონაცემებით, მათი მოცულობა უკვე $32 ტრილიონს აღწევს, რაც დაახლოებით აშშ-ის წლიური ეკონომიკის ზომის ეკვივალენტურია.

კონგრესის ბიუჯეტის ოფისის (CBO) პროგნოზით, საზოგადოების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ვალის ეკონომიკის მოცულობასთან შეფარდება მიმდინარე ათწლეულის დასასრულისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაფიქსირებულ რეკორდს — მშპ-ის 106%-ს — გადააჭარბებს. ხოლო 2036 წლისთვის შესაძლოა 120%-ს მიაღწიოს.