ფოტო: U.S Department of Justice
საქართველოს 33 წლის მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში $1.3-მილიარდიანი თაღლითური სქემიდან მიღებული თანხების გათეთრებაში, რომლის სამიზნეც ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკელები იყვნენ, ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა.
ბოსტონის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, გუგავა უცხოეთში დაფუძნებული კრიმინალური ორგანიზაციისთვის ფულის გამთეთრებლად მუშაობდა, რომლის წინააღმდეგაც ე.წ. „ოპერაცია ოქროს ციებ-ცხელების“ ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორების განცხადებით, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მოქმედი ჯგუფი Medicare-სა და სხვა კერძო სადაზღვევო კომპანიებს ყალბ ანგარიშებს უგზავნიდა სამედიცინო მოწყობილობებისთვის, რომლებიც პაციენტებს რეალურად არასდროს მიუღიათ.
საქმის მასალების მიხედვით, გუგავა, 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე, პენსილვანიაში მდებარე სამედიცინო აღჭურვილობის ერთ-ერთი კომპანიის, ND Medical-ის სავარაუდო მფლობელი იყო. ამ პერიოდში კომპანიამ, სულ მცირე, $1.3 მილიარდის ოდენობის თაღლითური მოთხოვნები წარადგინა, სადაზღვევო კომპანიებმა კი ND Medical-ს დაახლოებით $6.5 მილიონი გადაუხადეს.
პროკურატურის განცხადებით, გუგავამ კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გახსნა. თაღლითურად მოპოვებული თანხა სწორედ ამ ანგარიშებზე ირიცხებოდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ, სქემის განმახორციელებელ ორგანიზაციას ეგზავნებოდა.
თაღლითური მოთხოვნები, სავარაუდოდ, ამერიკის მოქალაქეების, მათ შორის მასაჩუსეტსში, ახალი ინგლისის რეგიონსა და ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოპარული პერსონალური მონაცემების გამოყენებასაც ეფუძნებოდა.
ბევრმა დაზარალებულმა პრობლემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სადაზღვევო კომპანიისგან მიღებულ დოკუმენტებში აღმოაჩინა ინფორმაცია იმ სამედიცინო მოწყობილობების შესახებ, რომლებიც არასდროს მიუღიათ; იმ ექიმების მიერ გამოწერილი მომსახურებების შესახებ, რომლებთანაც არასდროს ყოფილან; და იმ კომპანიის მიერ განხორციელებული მიწოდებების შესახებ, რომელზეც მათ მანამდე არაფერი სმენოდათ.
პროკურატურის ინფორმაციით, ერეკლე გუგავამ სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შემდეგ, 2025 წლის ივლისში, აშშ დატოვა. მანამდე ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.
გუგავას ბრალი ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულების ერთ ეპიზოდში ედება. აღნიშნული ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლებასა და $500 000-მდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. ჯარიმა შესაძლოა განისაზღვროს ასევე გათეთრებული თანხის ორმაგი ოდენობით – იმის მიხედვით, რომელი თანხაც უფრო მაღალი იქნება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ გუგავას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდია. ის უდანაშაულოდ მიიჩნევა მანამ, სანამ სასამართლო მის ბრალეულობას კანონით დადგენილი წესით არ დაადასტურებს.















