ფოტო: economictimes.com
სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული მწარმოებელი, Nike-ი, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, S&P 100-ის ინდექსს დატოვებს. ეს კომპანიის საბაზრო ღირებულების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება.
Nike-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც 2021 წლის ნოემბერში პიკურ $264 მილიარდს შეადგენდა, არსებული მონაცემებით $57 მილიარდამდეა შემცირებული. ხოლო ამერიკული კომპანიის აქციების რეკორდული ღირებულებაც, $179.10, ამჟამად დაახლოებით $57-მდეა დავარდნილი. Nike-ის საბაზრო კაპიტალიზაცია პიკთან შედარებით დაახლოებით 78%-ით დაეცა, ხოლო მხოლოდ 2026 წელს 36%-ითაა დავარდნილი.
შედეგად, ამერიკულმა მწარმოებელმაც S&P 100-ის ინდექსში ადგილი დაკარგა. ცნობისთვის, S&P-ის იდექსების შემადგენლობა პერიოდულად, კვარტალში ერთხელ გადაიხედება. Nike-ის აქციებს კი, თითქმის 18 წლის შემდეგ, ინდექსიდან მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ამოიღებენ.
Nike-თან ერთად, S&P 100 ინდექსიდან ამოიღებენ Simon Property Group-საც, რომელიც აშშ-ში სავაჭრო ცენტრების უმსხვილესი ოპერატორია. ინდექსს ასევე დატოვებენ Honeywell Aerospace-ი და Colgate-Palmolive-ი, მათ ნაცვლად კი Dell Technologies-ი, Palo Alto Networks-ი, Arista Networks-ი და Sandisk-ი შევლენ.
Nike-ის აქციების ფასის ვარდნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2020 წელს, ჯერ კიდევ ყოფილი CEO-ს, ჯონ დონაჰიუს ხელმძღვანელობის პერიოდში, კომპანიამ პირდაპირ მომხმარებელზე, B2C-სტრატეგიაზე გააკეთა აქცენტი და საბითუმო გაყიდვების გარკვეული არხებიდან გავიდა. Nike-ის ახალი CEO, ელიოტ ჰილი, კომპანიაში 2024 წლის ოქტომბერში დაბრუნდა და გუნდთან ერთად Nike-ის ბიზნესის აღდგენის გეგმა შეიმუშავა.
აღდგენის გეგმამ, განსაკუთრებით Nike Running-ის მიმართულებით გარკვეული შედეგები გამოიღო. თუმცა კომპანიის მდგომარეობის გაუმჯობესებას პროგნოზირებულზე მეტი დრო დასჭირდა.
Nike-ს განსაკუთრებით რთული ვითარება ჩინეთში აქვს, რომელიც კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. ჩინეთში ბოლო ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვები, მუდმივი კურსის გათვალისწინებით, 17%-ით შემცირდა. Nike-ის პროგნოზით, შემოსავლების კლება 2027 ფინანსური წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება.
2026 ფისკალურ წელს Nike-ის შემოსავალმა $46.4 მილიარდი შეადგინა, რაც ვალუტის კურსის ცვლილების გავლენის გამორიცხვით, წინა წელთან შედარებით 2%-იანი კლებაა.















