ფოტო: Getty Images
კანადა უკრაინისთვის 350 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების, დაახლოებით $250-მილიონიან, სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებს მოიცავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კარნის თქმით, შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს, ხოლო კიევს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ეფექტიანი ამერიკული Patriot-ის მარაგი ეწურება.
„რუსეთი თავის ბარბაროსულ საჰაერო ომს აძლიერებს და განურჩევლად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას. ასეთ პირობებში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კარნიმ.
კანადის პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ტიპის რაკეტებს მიიღებს უკრაინა და როდის დაიწყება მათი მიწოდება. ცნობილია, რომ იარაღის შესაძენად გამოყენებული იქნება აშშ-ის პროგრამა, რომელიც მესამე ქვეყნებს საშუალებას აძლევს, უკრაინისთვის, მათ შორის Patriot-ის რაკეტების, სწრაფად შესყიდვა და მიწოდება უზრუნველყონ.
„გმადლობთ ამ პაკეტისთვის. ის ახლა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კანადამ, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის დასახმარებლად ჯამში 25.5 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი გამოყო, მათ შორის 8.5 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების სახით.











