ფოტო: Heather Khalifa/AP
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, დებატები 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, ორ სესიად მიმდინარეობს, რის შემდეგაც შეხვედრები 28 სექტემბერს განახლდება.
ნიუ-იორკში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, დელეგაციასთან ერთად, რომელიც გენერალურ დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. კობახიძე უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელთანაც ქვეყნებს შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში თანაშრომლობა განიხილა.
წლევანდელ სესიას 130-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ესწრება, რომლებიც დღეს მსოფლიოში არსებულ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ თუ ტექნოლოგიურ საკითხებს განიხილავენ — როგორც ირანსა და აშშ-ს, ისე რუსეთსა და უკრაინას შორის ომით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის განვითარებითა და მასთან დაკავშირებული რისკებით დასრულებული.
ნიუ-იორკში მიმდინარე გენერალური ასამბლეის წლევანდელი სესიის დამსწრეთა შორის არ არის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ასევე, აშშ-ში არ იმყოფებიან სამხრეთ აფრიკის, ინდოეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. თუმცა სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში უკვე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ასევე, აშშ-ში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
წლევანდელი სესია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის, გამოსვლით დაიწყო, რაც ამ რანგში მისთვის ბოლო გამოსვლაც იყო. გუტერეშის აღნიშნულ პოსტზე ყოფნის მეორე 5-წლიანი ვადა 2026 წლის 31 სექტემბერს იწურება.გამოსვლისას გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისკენ, ომების დასრულებისკენ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გააქტიურებისა და გაეროს ინსტიტუტების რეფორმირებისკენ მოუწოდა. როგორც მიმართვისას გუტერეშმა აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციებს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება სულ უფრო მეტად უჭირთ და გაეროს შიგნით არსებულ უთანხმოებებსა და ორგანიზაციის გავლენის შესუსტებაზეც ისაუბრა.
გუტერეშის მხრიდან, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის ორი სახელმწიფოს პრინციპის მხარდაჭერას კი ტრიბუნებიდან ხანგრძლივი აპლოდისმენტი მოჰყვა.
დონალდ ტრამპის გამოსვლა
როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროს წლევანდელ სესიაზე მკაცრი რიტორიკით დაბრუნდა და არც ცალკეული ქვეყნების მიმართ კრიტიკასა და მუქარას მორიდებია. გამოსვლისას, ტრამპმა, ამერიკის უპირობო ლიდერობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ აღარ დაუშვებს მისთვის საფრთხის შემქმნელი ძალების გაძლიერებას დასავლეთ ნახევარსფეროში. როგორც გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ის „ამერიკული ძალაუფლების ხელახლა განმტკიცებაზე“ მუშაობს და ქვეყნის „შეუდარებელ სამხედრო ძალას” ეროვნული ინტერესების დასაცავად იყენებს.
გამოსვლისას, ტრამპმა კუბას „სრულად წარუმატებელი სახელმწიფო” უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ქვეყანაში სიტუაციის ფუნდამენტური ცვლილების მოლოდინშია. „ის დაეცემა“, — განაცხადა ტრამპმა, რასაც პროტესტის ნიშნად კუბის დელეგაციის მხრიდან დარბაზის დატოვება მოჰყვა. მოგვიანებით კი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა ტრამპი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცადა, რომ „აშშ-ის მთავრობას უჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ კუბას აქვს უფლება, იყოს სრულად სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა“.
ტრამპი არც ირანის განადგურების მუქარას მორიდებია, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, დარბაზში დამსწრეებს შორის იმყოფებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა თეირანი მკაფიო არჩევანის წინაშე დააყენა — ვაშინგტონთან შეთანხმება და ქვეყნის აღდგენა, ან ისლამური რესპუბლიკის სწრაფი „განადგურება“. ამის შემდგომ კი იწინასწარმეტყველა, რომ ომის დასრულებაზე შეთანხმება ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღწევა.
უკრაინის საკითხი
ტრამპის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ომიც იყო. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან აქტიურად მუშაობს და კონფლიქტის დასრულების საკითხში პროგრესს ელოდება. მოგვიანებით, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირი შეხვედრაც გამართა. WSJ-ის ინფორმაციით, მხარეებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების საკითხი განიხილეს, ზელესკიმ კი, აშშ-ის პრეზიდენტს ზამთრის მოახლოების წინ ახალი შეიარაღების, მათ შორის Patriot-ის ანტისარაკეტო სისტემების თხოვნით მიმართა.
უკრაინაში მიმდინარე ომს სიტყვით გამოსვლისას შეეხო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. „სამართლიანობის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება“, — განაცხადა მაკრონმა მიმართვისას. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ კი მარკონმა პირობა დადო, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შესახებ მორატორიუმის დაწესებას მოითხოვდა.
თავად ზელენსკი სესიაზე სიტყვით დღეს, 23 სექტემბერს გამოვა. როგორც მოსალოდნელია, მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტი უსაფრთხოებასა და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინა მზადაა, შეწყვიტოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები იმ პირობით, რომ რუსეთიც იმავეს გააკეთებს.
აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმება
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც აშშ-ს არქტიკის რეგიონში სამხედრო ყოფნის გაფართოების უფლებას აძლევს. ხელშეკრულება 1951 წლის თავდაცვის შეთანხმებას ეფუძნება და არსებული პიტუფიკის კოსმოსური ბაზის გაფართოებასთან ერთად ორ ახალ ლოკაციაზე ბაზების დაარსებას ითვალისწინებს.
შეთანხმება ასევე კრძალავს NATO-ს არაწევრი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან, გრენლანდიაში სამხედრო წარმომადგენლობის განლაგებას ან სტრატეგიულ ინვესტიციებს. ტრამპის შეფასებით, შეთანხმება სრულად აკმაყოფილებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.
ხელოვნური ინტელექტის განვითარება და რისკები
მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების მიღმა, ტრამპის გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად ხელოვნური ინტელექტის განვითარება და გლობალურ ტექნოლოგიურ რბოლაში აშშ-ის პირველობის ამბიციები იქცა. აშშ-ის პრეზიდენტი გუტერეშის პოზიციასაც დაუპირისპირდა და ტრადიციისამებრ AI-ზე სახელწიფო რეგულაციების დაწესების წინააღმდეგ წავიდა. ამასთან ერთად კი, მან სესიაზე წამოაყენა იდეა, რომ ხელოვნურ ინტელექტს Super Intelligence (SI) ეწოდოს, რადგან სიტყვა „ხელოვნური” ყალბის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ხელოვნური ინტელექტის განვითარება მთავარი საკითხი იყო გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის სიტყვით გამოსვლისას. მიმართვისას, ბერნემმა განაცხადა, რომ ქვეყანა ხელოვნური ინტელექტის გლობალური სტანდარტების შემუშავების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევას უხელმძღვანელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ AI-ს ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ის ახალ რისკებსაც ქმნის. მისი თქმით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები „შემთხვევითობას არ უნდა მივანდოთ“ და ტექნოლოგიის განვითარებისთვის გლობალური სტანდარტების შემუშავებაა საჭირო.
ბერნემმა აშშ-სთან ახალი თავდაცვითი პარტნიორობაც დააანონსა, რომლის მიზანიც AI-ის გამოყენებით კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება.














