ევროკომისია უნგრეთისთვის გაყინული €4.2 მილიარდის განბლოკვის წინადადებით გამოვიდა

ევროკომისია უნგრეთისთვის გაყინული €4.2 მილიარდის განბლოკვის წინადადებით გამოვიდა

ფოტო: AP 

 

ევროკომისიამ ევროსაბჭოს უნგრეთისთვის €4.2 მილიარდის გაყინული თანხების განბლოკვის წინადადებით მიმართა. ეს თანხა იმ €16.4 მილიარდის ნაწილია, რომლის განბლოკვაც ევროკავშირმა ჯერ კიდევ ამ წლის მაისში დააანონსა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ უნგრეთის ახალი მთავრობა, პრემიერ პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, შესაბამისი რეფორმების გატარებაზე მუშაობას დაიწყებდა.

ევროკომისიის განცხადებით, ასევე აღდგება უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის Erasmus+ და Horizon Europe-ის პროგრამებზე წვდომა.

„უნგრეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების დასაცავად. რეფორმებმა კი შედეგი გამოიღო. დღეს  ჩვენ €4.2 მილიარდის განბლოკვისა და უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის Erasmus+-ისა და Horizon Europe-ის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის აღდგენის წინადადებით გამოვდივართ.

მოხარული ვარ, რომ ისინი კვლავ ისარგებლებენ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ჩვენი კავშირი ქმნის“, — დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

საბოლოო ევროკომისიის წინადადების მხარდასაჭერი გადაწყვეტილება ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა ერთი თვის ვადაში უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეუსაბამობებისა და პრემიერ ვიქტორ ორბანის მთავრობის მიმართ კორუფციის ბრალდებების გამო, კომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი 27 მილიარდი ევროდან 17 მილიარდი ევრო დაბლოკა.

მადიარის განცხადებით, უნგრეთის ახალი მთავრობა სრულად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს და ევროკავშირის სახსრებს, რომლებიც კანონიერად უნგრელებს ეკუთვნის, დაიბრუნებს. მადიარმა თანხის განბლოკვის ოთხეტაპიანი გეგმაც გამოაცხადა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას, სასამართლო დამოუკიდებლობის აღდგენასა და პრესისა და აკადემიური თავისუფლების დაცვას მოიცავს.