2016 წლის ივნისში მიღებულმა კანონმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კომპანიებს სავალდებულო აუდიტის ჩატარების პასუხისმგებლობა დააკისრა. ეს ვალდებულება საქართველოში განხორციელებული მასშტაბური ეკონომიკური რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზანს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა წარმოადგენს. ამ კანონით, 2018 წლის 1 ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება I და II კატეგორიის კომპანიების ნაწილს მოუწია, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრამდე იგივე ვალდებულება III და IV კატეგორიის საწარმოებს ჰქონდათ და იმის მიუხედავად, რომ კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ანგარიშგება ნებაყოფლობით წარადგინა, ვალდებულების შესრულება გადავადდა. რეფორმა ერთგვარ გამოწვევად იქცა როგორც კომპანიების, ისე აუდიტის სფეროსთვის, რადგან ერთი მხრივ საქმე ეხება ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებას, რასაც ბიზნესის ნაწილი გარკვეული სიფრთხილით ეკიდება, ხოლო მეორე მხრივ გაიზარდა მოთხოვნა აუდიტორულ მომსახურებაზე, თუმცა საქართველოს ბაზრისთვის აუდიტორული ფირმები, ვისაც საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და შესაბამისი ხარისხით შეუძლია მომსახურების გაწევა, ცოტაა. რა გავლენა იქონია სავალდებულო აუდიტის რეფორმამ ქვეყანაში აუდიტის სფეროს განვითარებაზე, რა მიმართულებით ვითარდება აუდიტის ადგილობრივი ბაზარი და როგორია სფეროს მნიშვნელოვანი სიახლეები, ჩვენს შეკითხვებს BDO-ს პარტნიორი, აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი ივანე ჟუჟუნაშვილი პასუხობს.
რა გამოწვევების წინაშე დადგა აუდიტის სფერო საქართველოში მას შემდეგ, რაც საწარმოთა კატეგორიზაცია განხორციელდა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა გახდა სავადებულო?
– როგორც აუდიტორების, ისე ბუღალტრებისა და კომპანიების ფინანსური განყოფილების თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდა აიმაღლონ კომპეტენცია. თუ აქამდე ყველა ისეთ ფინანსურ ანგარიშგებას წარადგენდა ან ისეთ აუდიტორულ შემოწმებას აწარმოებდა, როგორიც მას მიაჩნდა სწორად, ახლა ეს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. აუდიტორებისთვის გაჩნდა რეგულატორი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სახით. რეგულაცია აუცილებლად მოგვცემს შედეგს და აუდიტის ბაზარი დაბალანსდება. აუდიტორები მიხვდებიან, რომ ინვესტიცია კომპეტენციის მიღებასა და მუდმივად განახლებაში აუცილებელია, გარდა ამისა, აუდიტს სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, რაც ასევე დაკავშირებულია თანხებთან. რეგულაცია ყველგან შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ხარისხი და ბიზნესმა კომერციას არ „გადააყოლოს“. გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესის გამჭვირვალობა გაიზრდება, რაც გამოიწვევს ინვესტიციების მეტ მოზიდვას ქართულ კომპანიებში და გაზრდის მათ გამჭვირვალობას.
რა გავლენა იქონია (თუ იქონია) აღნიშნულმა ცვლილებებმა უშუალოდ BDO-ს აუდიტის მიმართულებაზე?
– ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ხარისხიანი მომსახურება გაგვეყიდა, უბრალოდ რეგულაცია არ გვქონდა ამისთვის და ბაზარზე ისეთ ფირმებთან გვიწევდა კონკურენცია, ვინც კონცენტრირებული იყო მეტად კომერციაზე და ნაკლებად ხარისხზე. შესაბამისად, კომერციული თვალსაზრისით წამგებიან პოზიციაში ვიყავით, მაგრამ ახლა უკვე გაჩნდა მოთხოვნა ხარისხზე, რადგან ბიზნესი ყოველთვის ასხვავებს ხარისხიან და უხარისხო მომსახურებას, მაგრამ თუ არავინ სთხოვს ხარისხს, რა თქმა უნდა, არჩევანს აკეთებს ფასის მიხედვით, თუ, რა თქმა უნდა, მას არ აქვს გამოკვეთილი ინტერესი, რომ ძალისხმევა მიმართოს საკუთარი საქმიანობის სწორი რაკურსით დანახვაზე. ჩვენთვის და ჩვენნაირი კომპანიებისთვის, ვინც ხარისხზეა ორიენტირებული, ეს რეგულაცია მისასალმებელია, თუმცა ფირმების გარკვეულ კატეგორიას მოუწევს ბაზრის დატოვება ან ინვესტირება კომპეტენციაში, რომ შეძლოს ღირსეული კონკურენციის გაწევა.
BDO-ს აუდიტის მიმართულების 2018 წლის შემოსავალზე თუ აისახა აღნიშნული ცვლილებები?
– გასული წლის შემოსავალში იყო ზრდა, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ზრდა მაინც და მაინც კანონმა განაპირობა. შეიძლება შემოსავლის მხოლოდ 10-15% დავუკავშიროთ ახალ რეგულაციას, სხვა მხრივ ზრდა იმ ხარისხიანი სერვისისა და გამორჩეული მომსახურების დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება. მე ვფიქრობ, ეს კანონი უფრო მოგვეხმარება BDO-ს არსებული კლიენტების შენარჩუნებაში, რადგან თუ ის მდგომარეობა, რომელიც რეგულაციამდე იყო გაგრძელდებოდა, გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, რაც დღესდღეობით შეინიშნება, ბიზნესი შეიძლება დაფიქრებულიყო თანხების დაზოგვასა და იაფი მომსახურებით სარგებლობაზე.
როგორ ხედავთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას აუდიტში და რამდენად პრიორიტეტულია ეს თემა BDO-სთვის?
– 20 წლის წინ აუდიტისადმი განსხვავებული მიდგომა იყო, ახლა, რადგანაც თანამედროვე აუდიტი რისკზეა დაფუძნებული, ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება ანალიტიკას, მონაცემთა ბაზების დამუშავებას, რომ გამოვლინდეს რისკები და ამ რისკებზე დაიგეგმოს აუდიტის პროცედურა. ამაზე BDO-ს ქსელში საერთო მიდგომაა შემუშავებული, ჩვენ ვიყენებთ აუდიტის სოფტს APT, წლის ბოლომდე გადავალთ ახალ ვერსიაზე APT Next Gen, რომელიც უფრო სრულყოფილი და ინტერაქტიულია, დაფუძნებულია ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე, თავისი BI ტექნოლოგიით. გარდა ამისა, BDO-ს ქსელში ვიყენებთ პლატფორმა BDO Advantage-ს, რომელიც ასევე BI ტექნოლოგიაზე აწყობილი ანალიტიკური ინსტრუმენტია. მალე გვექნება გლობალ პორტალი, სადაც ინფორმაციის ინტერაქციულ მიმოცვლას ვაწარმოებთ თითოეულ კლიენტთან, აღარ იქნება საჭირო მეილ სერვერების გამოყენება და დიდი ფაილების გადაგზავნა. სადაც გამოჩნდება ყველა ქმედება – კლიენტის მიერ ატვირთული ფაილი, ცვლილებები და ა.შ. ეს ანალიტიკური საშუალებები ასევე გამოიყენება BDO-ში, მათზე გლობალური წვდომა და ქსელის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. ეს სისტემები შრომას უფრო აადვილებს და კიდევ უფრო ფაქიზი რისკების გამოვლენის საშუალებას იძლევა, თუმცა მათი შექმნა და შენარჩუნება თანხებთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, საქმეში, რომელიც არ მოითხოვს ანალიტიკას და უფრო რუტინასთან არის დაკავშირებული, რობოტიზაცია არის ჩვენი მომავალი. ჩვენი პარტნიორები და კოლეგები BDO-ს სხვა კომპანიებში დიდი ოდენობის კონტრაქტებისთვის, მათი ერთგვაროვნების შესამოწმებლად, უკვე იყენებენ რობოტებს. ასეთი რობოტის გამოყენება შეიძლება სხვა სფეროშიც, სადაც ასეთივე რუტინაა და ადამიანური რესურსის დახარჯვა ძვირი ჯდება როგორც დროის, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ აუდიტის სფეროში, ამ დროის განმავლობაში რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა აუდიტის პროფესიაში, რომელმაც გავლენა იქონია სფეროს განვითარებაზე?
– როცა მე დავიწყე, აუდიტი ახალი ხილი იყო და ბევრმა და მათ შორის მე, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცოდით. აუდიტს მეც და ბევრი ჩემი კოლეგა მაშინ ვეძახდით საგადასახადო კონსულტაციებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, აუდიტი საერთოდ სხვა სფეროა. ცვლილებები იყო, მე არ შევეხები ცვლილებებს სტანდარტებში და მისგან გამომდინარე კომპეტენციის დახვეწის საკითხს, მთავარი ის არის, რომ ცნობიერება ამაღლდა საზოგადოებაში. დღეს კომპანიებმა უკვე იციან, რომ აუდიტი ეხმარება ბიზნესს დაინახოს თავისი თავი, თუ რას წარმოადგენს და ვის შეიძლება ესაუბროს ამ ბიზნესით – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაბამისად შეიცვალა აუდიტორის აღქმა, რომელიც მტერი კი არა, მეგობარია. ხანდახან რეალობის დანახვა ბიზნესისთვის მტკივნეულია, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ წარმოდგენა აქვთ, რომ უფრო კარგი სურათი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე რეალობაში, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აუდიტორი ეხმარება ბიზნესს საკუთარი თავის სწორად დანახვასა და გააზრებაში. განვითარების ტემპები ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით დაჩქარდა, რადგან დაიწყო დიჯიტალიზაციის პროცესი, სამუშაოს ეფექტურობაზე ზრუნვა, ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა, ბევრი დაიკარგა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი კარგი ცვლილება განხორციელდა, რომელიც სფეროს განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. რაც შეეხება აუდიტის სწავლებას, ჩვენ, BDO-ში ასეთი პრაქტიკა გვაქვს, სამსახურში აგვყავს დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებიც ადგილზე იძენენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, რომელზეც ხდება დამატებითი თეორიული ცოდნის დაშენება.