შვეიცარიელებმა რეფერენდუმში ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს

შვეიცარიელებმა რეფერენდუმში ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭირეს

ფოტო: travelweekly.com.au

 

კვირას შვეიცარიელებმა მტკიცედ უარყვეს წინადადება ქვეყნის ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმის მიღების შესახებ, რაც ქვეყანას აუკრძალავდა ეკონომიკური სანქციების დაწესებას ან ნატოსთან თანამშრომლობას.

ფედერალური სტატისტიკის სამსახურის საბოლოო მონაცემებით, შვეიცარიის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის მკაცრად განსაზღვრული ვერსიის შეტანის თაობაზე წინადადება ყველა კანტონმა და ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა უარყო.

„ეს შედეგი არ არის ნეიტრალიტეტის საწინააღმდეგო პოლიტიკისთვის ხმის მიცემა. შვეიცარია ნეიტრალური იყო გუშინ, ნეიტრალურია დღეს და ნეიტრალური დარჩება მომავალშიც“, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინიაციო კასისმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი საერთაშორისო დონეზე 1815 წელს, ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ არის აღიარებული, მთავრობის მიერ მისი განხორციელების წესი დეტალურად გაწერილი არ არის.

მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტია“ (SVP) აცხადებდა, რომ შვეიცარიის ტრადიციული პოზიცია მას შემდეგ შესუსტდა, რაც ბერნმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა.

კენჭისყრამდე პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროკლამაციების გავრცელება დააფინანსა, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებდა, რეფერენდუმში ხმა მიეცა სლოგანით „არა ომს, კი – ნეიტრალიტეტს“. პლაკატებზე გამოსახული იყო მშვიდობის სიმბოლო, თეთრი მტრედები.

კასისის თქმით, წინადადების უარყოფა შვეიცარიას საშუალებას აძლევს, ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად, კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს და ითანამშრომლოს პარტნიორებთან მაშინ, როდესაც ეს ქვეყნის უსაფრთხოებას აძლიერებს.

SVP-ისგან განსხვავებით, წინადადებას მხარი არ დაუჭირეს შვეიცარიის მთავრობამ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა. რეფერენდუმის შედეგებით კმაყოფილება გამოხატეს „მწვანეთა პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატებმა“ (SP), „ცენტრისტულმა პარტიამ“ და FDP-მ.

„ამომრჩევლებმა გაიგეს, რა სურდა SVP-ს: მას სურდა, შვეიცარია საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებულიყო და თავი აერიდებინა ვალდებულებების შესრულებისთვის იმ დროს, როდესაც საერთაშორისო სამართალი ირღვევა“, – განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა სიბელ არსლანმა.

SVP-ს მიერ წარმოებული კამპანია მოითხოვდა კონსტიტუციაში იმის გაწერას, რომ შვეიცარია არ შეუერთდება და არ ითანამშრომლებს არცერთ სამხედრო თუ თავდაცვით ალიანსთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას თავს დაესხმიან) და არცერთ სანქციას არ შეუერთდება, თუ მათ გაერო არ დაამტკიცებს.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.