ტრამპი „მტრად“ მიიჩნევს ყველას, ვინც ტერმინ „AI“-ს ნაცვლად „სუპერინტელექტს“ არ იყენებს

ტრამპი „მტრად“ მიიჩნევს ყველას, ვინც ტერმინ „AI“-ს ნაცვლად „სუპერინტელექტს“ არ იყენებს

ფოტო: Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ხელოვნური ინტელექტის აღსანიშნავად ტერმინ „სუპერინტელექტს“ (Super Intelligence) არ გამოიყენებენ, თეთრი სახლის „მტრები“ იქნებიან. შეგახსენებთ, ტრამპი ტერმინ AI-ის (Artificial Intelligence) SI-ით ჩანაცვლებას აქტიურად უჭერს მხარს.

ხუთშაბათს, სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა აღნიშნა, რომ „სუპერინტელექტი“ ფართოდ მიღებული და უფრო ზუსტი ტერმინია. მისი თქმით, ვინც ამ ტერმინის გამოყენებაზე უარს იტყვის, „მტრად“ ჩაითვლება.

ტრამპი ხელოვნური ინტელექტისთვის ახალი სახელის შერჩევაზე ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ საუბრობდა. სექტემბრის ბოლოს კი მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ფედერალურმა დეპარტამენტებმა და სააგენტოებმა უპირატესობა სწორედ ტერმინ „სუპერინტელექტს“ უნდა მიანიჭონ. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მოწინავე AI-ტექნოლოგიები გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ადამიანის ინტელექტის ცალკეული ასპექტების იმიტაცია ან ავტომატიზაციაა, ხოლო მათი შესაძლებლობები თავდაპირველად წარმოდგენილ მოლოდინებს მნიშვნელოვნად აღემატება.

ტრამპის ინიციატივას მხარი დაუჭირა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმაც. მან გასულ უქმეებზე განაცხადა, რომ კომპანია SpaceXAI-ს სახელის SpaceXSI-ით შეცვლას აპირებს. მასკის თქმით, „სუპერინტელექტი“ ხელოვნურ ინტელექტზე უფრო შესაფერისი ტერმინია. თუმცა კომპანიის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში სახელწოდება ჯერ არ შეცვლილა. მასკს ცვლილების განხორციელების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

დონალდ ტრამპის ინიციატივას დადებითად გამოეხმაურა Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსიც. ოთხშაბათს Fox News-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ SI-ს გამოყენება მოსწონს, რადგან სიტყვა „ხელოვნური“ ხშირად რაღაც ყალბთან ასოცირდება. ბეზოსმა მაგალითად ხელოვნური დამატკბობლები და არომატიზატორები მოიყვანა.

ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას ინტერნეტდომენების ბაზარზეც ჰქონდა გავლენა. BBC-ის ინფორმაციით, მოთხოვნა სლოვენიის ვებსაიტებისთვის განკუთვნილ „.si“ დაბოლოების მქონე დომენებზე მკვეთრად გაიზარდა. რეესტრის წარმომადგენლის, კლარა ჰერმანის განცხადებით, სექტემბერში „.si“ დაბოლოების მქონე 44 000 ვებსაიტი დარეგისტრირდა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 2 199%-ით მეტია.

ხელოვნური ინტელექტისთვის ახალი სახელის შერჩევის იდეა ტრამპმა პირველად გასულ თვეში გააჟღერა. თავდაპირველად მან ალტერნატივებად „ექსტრემალური ინტელექტი“ (Extreme Intelligence), „უპირატესი ინტელექტი“ (Superior Intelligence) და „უზენაესი ინტელექტი“ (Supreme Intelligence) დაასახელა. Truth Social-ზე ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ საბოლოოდ არჩევანი „სუპერინტელექტზე“ შეაჩერა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი