ბიზნეს სექტორი საქართველოში - ყველაზე აქტიური დარგები და რეგიონები

ბიზნეს სექტორი საქართველოში - ყველაზე აქტიური დარგები და რეგიონები

ბიზნეს სექტორის ბრუნვის 73.8% თბილისზე მოდის.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.7 პროცენტით გაიზარდა და 86.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი ბრუნვის 49.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 29.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.4 პროცენტი, საშუალოზე – 26.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33.0 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წელს 56.7 მლრდ. ლარი (გასულ წლთან შედარებით 11.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 35.9 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წლთან შედარებით 13.6 პროცენტით მეტი). 2018 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 734.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.2 პროცენტი ქალია, ხოლო 59.8 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 45.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 679.5 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 4.1 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 046.4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 12.4 პროცენტით მეტი). 2018 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 101.3 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.6 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 835.3 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 71.0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 224.6 ლარი,
• საშუალო ბიზნესი – 1 276.3 ლარი,
• მცირე ბიზნესი – 892.4 ლარი.

2018 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 43.2 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 16.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 8.3 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.8 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

• ქ. თბილისი – 73.8 პროცენტი
• აჭარის ა.რ. – 6.6 პროცენტი
• ქვემო ქართლი – 5.2 პროცენტი
• იმერეთი – 4.6 პროცენტი
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1 პროცენტი

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

• ქ. თბილისი – 64.2 პროცენტი
• აჭარის ა.რ. – 8.5 პროცენტი
• ქვემო ქართლი – 7.7 პროცენტი
• იმერეთი – 6.1 პროცენტი
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.