საწვავის იმპორტი მცირდება

საწვავის იმპორტი მცირდება

მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 786,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 54,3 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, წლის სამი კვარტლის შედეგებით ბენზინის იმპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 12,7 ათასი ტონით ანუ 3,25%-ით და შეადგინა 390,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა 41,6 ათასი ტონით ანუ 10,5%-ით 396,1 ათას ტონამდე.

სექტემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 109.5 ათასი ტონა, რაც 8.5 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 58.5 ათასი ტონა (მატება 0.6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 51.0 (მატება 7,9 ათასი ტონით) ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით სექტემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 30,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან:

რუმინეთი – 23,3 ათასი ტონა (21,3%)
აზერბაიჯანი – 21,0 ათასი ტონა (19,2%)
ბულგარეთი – 14,8 ათასი ტონა (13,5%)
თურქმენეთი – 14,0 ათასი ტონა (12,8%)
საბერძნეთი – 5,8 ათასი ტონა (5,3%).