მას შემდეგ, რაც გუშინ ვლადიმერ პუტინმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რუსულ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყანამ შესაძლოა ფიქრი დაიწყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. კერძოდ, რუსული გამოცემა “კომერსანტი” ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. თუკი საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება, შეწყდება რუსოფობია და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, შეგვეძლება ვისაუბროთ ავიამიმოსვლის განახლებაზე“, – ამბობს ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, შესაძლოა დაიწყოს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც. გამოცემა აქვე წერს, რომ ვიზების გაუქმების საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო, მაშინ როდესაც საქართველოში რუსი დეპუტატები მართლმადიდებლურ ანსაბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. გამოცემა წერს, რომ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იყო და მხოლოდ მასზე ხელის მოწერა იყო დარჩენილი.