პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 61-ე ადგილზეა

პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 61-ე ადგილზეა

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 3 საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 61-ე ადგილი დაიკავა. ინდექსს ორგანიზაცია Reporters Without Borders აქვეყნებს. საქართველოს სარეიტინგო ქულა 27.34-ია, რაც 0.42 ქულით შემცირებული მაჩვენებელია. რაც უფრო დაბალია ქვეყნის სარეიტინგო ქულა, მით უფრო თავისუფალია აღნიშნული ქვეყნის მედია გარემო.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია გარემო პლურალისტული, თუმცა კვლავ საკმაოდ პოლარიზებულია.

“ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანაში გაზარდა მედია ორგანიზაციების მფლობელების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა, თუმცა მფლობელები კვლავ ერევიან კადრების სარედაქციო პოლიტიკაში”, – ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს მედია გარემოზე. ამასთან, “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” აღნიშნავს, რომ შემცირებულია ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები, თუმცა ხშირად ხდება მუქარის გამოყენება.

ანგარიშში მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეც.

პრესის თავოსუფლების ინდექსით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ნორვეგიაა.