BGEO-ს საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის პროცესი წლის პირველ ნახევარში დასრულდება

BGEO-ს საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის პროცესი წლის პირველ ნახევარში დასრულდება

საინვესტიციო ჯგუფი BGEO Group PLC ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო (საქართველოს ბანკის ჯგუფი – Bank of Georgia Group), ხოლო მეორე – საინვესტიციო ბიზნესის (საქართველოს კაპიტალი – Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს.

აღნიშნული პროცესი 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე BGEO ჯგუფიდან უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი. 

BGEO-ს დირექტორთა საბჭოს მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება, ბიზნესებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს მეტი მოქნილობით მართონ საკუთარი რესურსები და მისდიონ საკუთარ სტრატეგიას. 

BGEO-ს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, “საქართველოს კაპიტალის” წილი “საქართველოს ბანკის ჯგუფში” პროცესის დასრულების შემდეგ, 19.9% იქნება, ნაცვლად, 2017 წლის ივლისში გამოცხადებული, 9.9%-ისა. ამასთანავე, ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად “საქართველოს კაპიტალს” შეეზღუდება ხმის მიცემის უფლება და “საქართველოს ბანკის ჯგუფის” დანარჩენი აქციონერები განსაზღვრავენ თუ როგორ მისცეს “საქართველოს კაპიტალმა” ხმა აქციონერთა კრებაზე. “საქართველოს კაპიტალი“ ხმის უფლებას დაიბრუნებს “საქართველოს ბანკში“ მისი წილის 9.9%-მდე შემცირების შემდეგ. ორივე კომპანიას – “საქართველოს კაპიტალს” და „საქართველოს ბანკის ჯგუფს” ეყოლებათ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. 

“საქართველოს კაპიტალი”-ი მოიცავს: 57% წილს “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში” (GHG), 100%-ს კომპანია “ჯორჯია გლობალ იუთილითის” (GGU), 100%-ს კომპანია “m2 უძრავი ქონება”, 76% წილს “თელიანი ველი”-ში, 100%-ს სადაზღვევო კომპანია “ალდაგში” და 19.9% წილს საქართველოს ბანკის ჯგუფში (აღნიშნული წილი საქართველოს ბანკში იქნება საინვესტიციო და საბანკო ბიზნესის გაყოფის დასრულების შემდეგ).