საქართველოში Caspian Energy Georgia-ს რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა Caspian Energy Georgia-ს ხელმძღვანელებს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.
„ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია – მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ორმხრივი ინვესტიციები, ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის სამაგალითო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის დროს.
„ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს აზერბაიჯანელების უშურველ დახმარებას ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის დროს. პრეზიდენტმა ალიევმა პირადად გასცა განკარგულება და ათეულობით აზერბაიჯანელი მეხანძრე, ვერტმფრენებითა და სპეცტექნიკით, რამდენიმე დღის მანძილზე ჩვენთან ერთად ებრძოდა სტიქიას. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხის სახელით, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ერთმანეთის თანადგმოთ მრავალ გამოწვევას გავუმკლავდებით. ჩვენ არა მარტო სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არამედ უამრავ დიდ პროექტში თანამშრომლობის გზით, ერთად ვიღწვით უფრო სტაბილური და განვითარებული რეგიონის შესაქმნელად. ასევე ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და რეგიონები და ბაზრები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მეტი კავშირები და თანამშრომლობა კი ეკონომიკური აღორძინებისა და სტაბილურობის საწინდარია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას ბაქოში დაგეგმილი Caspian Energy Forum-ც შეუწყობს ხელს და აღნიშნა, რომ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.