საქართველოს ერთ–ერთმა წამყვანმა ბანკმა, საქართველოს ბანკმა „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ დააფუძნა. როგორც ბანკში აცხადებენ, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფინანსური განათლების სფეროში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და საშუალება მიცეს ნებისმიერ მსურველს დაეუფლოს ფინანსურ ცოდნას მისთვის სასურველ დონეზე.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მოიცავს ბიზნესის სკოლას და რამდენიმე თანამედროვე განათლების ცენტრს: მომხმარებელთა ფინანსური განათლების ცენტრს, სასერტიფიკატო სწავლების ცენტრს, პროფესიული განათლების ცენტრსა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრს. ამრიგად, „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ გათვალისწინებულია პროგრამები აბიტურიენტებისთვის, უკვე დასაქმებული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რიგითი მომხმარებლებისთვისა და საკუთარი ბიზნესის მფლობელთათვის.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლა 2014 წლის სექტემბრიდან შეთავაზებს სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ორწლიანი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა არაერთი უპირატესობით. მათ შორისაა: პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო შერწყმა; ფინანსური განათლება ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებისგან; „საქართველოს ბანკის“ ჯგუფში პრაქტიკის გავლისა და დასაქმების რეალური შესაძლებლობა; საუკეთესო ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური პერსონალის ლექციები. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე მოხდება 50 სტუდენტის მიღება. მათგან საუკეთესო 10 სტუდენტი მიიღებს 100%–იან დაფინანსებას „საქართველოს ბანკისგან“, შემდეგი 20 სტუდენტი კი შვიდწლიან, 0%–იან სტუდენტურ სესხს.
დამატებითი ინფორმაცია „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: www.bog.edu.ge