მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში ციურიხმა და პარიზმა სინგაპური და ოსაკა ჩაანაცვლეს. აზიური ქალაქები წინა რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ ჰონგ-კონგთან ერთად.
რეიტინგს The Economist Intelligence Unit-ი მსოფლიოს ცხოვრების ხარჯების ინდექსზე დაყრდნობით ადგენს. 2020 წლის სექტემბრის მონაცემებიდან ირკვევა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს 130-ზე მეტ ქალაქში პროდუქტსა და მომსახურების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ახალი მონაცემების მიხედვით, შვეიცარიული ქალაქი ციურიხი და საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი პირველ ადგილებზე აღმოჩნდნენ, და ამას შვეიცარიული ფრანკისა და ევროს გაძლიერებას უკავშირებენ.
“კორონავირუსის პანდემიამ ამერიკული დოლარის შესუსტება გამოიწვია, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპული და ჩრდილოეთ აზიური ვალუტები დოლართან მიმართებით გაძლიერდა, ამან პროდუქტებსა და სერვისებზე ფასების ცვლილება გამოიწვია. ტრადიციულად აზიური ქალაქები დომინირებდნენ გასულ წლებში რეიტინგში, თუმცა, პანდემიამ ცვლილებები გამოიწვია“, – განაცხადა უპასანა დუტმა, რომელიც The Economist Intelligence Unit-ის წარმომადგენელია.
ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- ციურიხი (შვეიცარია)
- პარიზი (საფრანგეთი)
- ჰონგ-კონგი
- სინგაპური
- თელავივი (ისრაელი)
- ოსაკა (იაპონია)
- ჟენევა (შვეიცარია)
- ნიუ-იორკი (აშშ)
- კოპენჰაგენი (დანია)
- ლოს-ანჯელესი (აშშ)