Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია Didi Chuxing-ი აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება. IPO ჰონკონგის (HKEX) ნაცვლად შესაძლოა ნიუ-იორკში (NYSE) შედგეს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პირველადი განთავსებისთვის კომპანია შესაძლოა, $100 მილიარდად შეფასდეს. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიის აქციების 10% მაინც გაიყიდება, Didi $10 მილიარდის მობილიზებას შეძლებს და „ალიბაბას“ 2014 წლის IPO-ს შემდეგ ყველაზე დიდი ჩინური IPO იქნება აშშ-ში.
ბეიძინში (პეკინი) დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ კონკრეტული გეგმა, სად ან როდის დალისტავენ აქციებს, არ აქვთ. ამასთან, კომპანიამ Reuters-ის მიერ გავრცელებული ხმები უარყო.
Reuters-ის წყაროების ცნობით, კომპანია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას უპირატესობას რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო მიანიჭებს: პირველ რიგში, ნიუიორკული IPO ნაკლებად რეგულირებადია, მაშინ როდესაც ჰონკონგში შესაძლოა, კომპანიას ამ მიმართულებით ბარიერები დახვდეს. Didi შანხაიში არაერთხელ დააჯარიმეს არალიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისთვის. როიტერსის წყაროს ცნობით, აქციების პირველად განთავსებას მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნდა ველოდოთ.
ცნობისთვის, გასულ წელს ჩინურმა კომპანიებმა აშშ-ში აქციების დალისტვით $12 მილიარდის მობილიზება შეძლეს – სამჯერ მეტის, ვიდრე 2019 წელს.