მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში მიიღეს გადაწყვეტილება, მწვანე ზონის ქვეყნებიდან შემოსული სრულად ვაქცინირებული დამსვენებლებისათვის 19 ივლისიდან საკარანტინო შეზღუდვები შეამსუბუქონ, ჯავშნების რაოდენობა ავიაბილეთებსა და სამოგზაურო პაკეტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ავიაკომპანიების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილებიდან სულ რამდენიმე საათში, ავიასაიტებზე მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა. ავიაკომპანია EasyJet-ის განცხადებით, ავიაბილეთებზე ჯავშნების რაოდენობა 400%-ით გაიზარდა. British Airways-ის თქმით, მთავრობის განცხადებიდან მალევე მათი ვებგვერდის დამთვალიერებელთა რიცხვი 96%-ით გაიზარდა. თუმცა, ამის ფონზე, ანალიტიკოსების აზრით, ბილეთებსა და სხვა სახის სამოგზაურო პაკეტებზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
განსხვავებულია ტურისტული ასოციაცია Abta-ს პროგნოზი. მათი განცხადებით, ჯავშნების ზრდასთან ერთად ფასების ზრდაც გარდაუვალია, რადგან ტრადიციულად ეს ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდებაზე იყო დამოკიდებული.
შეზღუდვების მოხსნამდე ბრიტანელები ვალდებულები იყვნენ, სამშობლოში დაბრუნებისას 10-დღიანი კარანტინი გაევლოთ, რამაც მოგზაურობის სურვილი მოსახლეობაში თითქმის გააქრო. უწინდელი წესების მიხედვით, ბრიტანელების საყვარელი სამოგზაურო დანიშნულების ადგილებიდან – შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან – დაბრუნების შემთხვევაში მგზავრებს კარანტინის გავლა უწევდათ.
ბრიტანეთის სატრანსპორტო მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, მოგზაურებს კარანტინის ნაცვლად მხოლოდ კოვიდ-ტესტების პასუხების წარმოდგენა მოუწევთ. იგივე შეზღუდვები იმოქმედებს 18 წლამდე ასაკის მოზარდებზეც. საინტერესოა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ ეხება წითელ სიაში მოხვედრილი სახელმწიფოებიდან შემოსულ ვიზიტორებს.