34 წლის მოჭადრაკე ნიქჰილ კამათი ინდოეთში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. კამათის წარმატება საბროკერო კომპანია Zerodha-ს დაარსებამ განაპირობა.
ნიქჰილ კამათის ბიოგრაფია ძალიან ბევრი სხვა მილიარდერის ისტორიის მსგავსია. მან სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და მალევე საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო. ამასთან ერთად კი მთელი ძალისხმევა და დროის დიდი ნაწილი ჭადრაკისკენ მიმართა.
მომავალმა მილიარდერმა ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო და თინეიჯერობის პერიოდში პროფესიონალი მოჭადრაკეების წინააღმდეგაც კი თამაშობდა. ნიქჰილ კამათიც აღნიშნავს, რომ ჭადრაკის თამაშმა ანალიტიკური უნარ-ჩვევების განვითარებას ხელი შეუწყო, რაც შემდგომ სამეწარმეო საქმიანობაშიც გამოადგა.
ინდოელი მილიარდერი ბანკირისა და მუსიკის მასწავლებლის შვილია. სკოლის დატოვების შემდგომ, ძალიან მცირე დროში, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და მეგობართან ერთად მობილურებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ სკოლის დატოვების შესახებ დედამისი იმდენად გაანაწყენა, რომ მან შვილის ბიზნესისთვის საჭირო ინვენტარიც კი გაანადგურა. ამის შემდგომ კი ნიქჰილმა ყალბი საბუთებით ქოლ-ცენტრის ოპერატორად დაიწყო მუშაობა.
ყველაზე დიდი ნაბიჯი მომავალი წარმატებისკენ ინდოელმა მილიარდერმა 18 წლის ასაკში გადადგა, როდესაც საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა დაიწყო. ახალი ცხოვრების დაწყებაში ნიქჰილს მამამისის მიერ დატოვებული დანაზოგი დაეხმარა.
ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ნიქჰილისთვის, ასევე მისი ძმისთვის. ვაჭრობის დაწყებიდან ძალიან მალე, ძმები, საკუთარის გარდა, ოჯახისა და მეგობრების თანხებსაც წარმატებით განკარგავდნენ.
ნიქჰილი და მისი ძმა აქციებით ვაჭრობის დაწყებიდან მალევე მიხვდნენ, რომ სისტემა საკმაოდ რთული იყო, ამას გარდა კი ინდოეთში საბროკერო დანახარჯებიც საკმაოდ მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, ძმებმა გადაწყვიტეს, საკუთარი საბროკერო ბიზნესი დაეწყოთ და შედარებით უფრო ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული საბროკერო პლატფორმა შეექმნათ. ასე დაარსდა 2010 წელს Zerodha, რომელიც სანსკრიტზე ბარიერს ნიშნავს.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პირობებში ძმების მიერ დაარსებულმა საბროკერო ფირმამ უფრო მეტი წარმატება მოიპოვა. ამ ეტაპზე კომპანია 5 მილიონ მომხმარებელზე მეტს აერთიანებს, რაც ინდოეთის ვაჭრობის 15%.
მიმდინარე წლის მარტისთვის ნიქჰილ კამათის წმინდა შემოსავალმა 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საბროკერო კომპანია Zerodha-ს გარდა, ძმებმა აქტივების მართვის ფირმა True Beacon-ი დააარსეს, რომელსაც წინამორბედის მსგავსად დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.