ესპანეთის წამყვანი კლუბები, „მადრიდის რეალი“ და „ბარსელონა“, ლა ლიგის $3.2 მილიარდიანი გარიგების შემდეგ სოლიდურ თანხას მიიღებენ. ესპანეთის პრიმერა დივიზიონმა დაადასტურა, რომ კერძო კაპიტალის საინვესტიციო კომპანია CVC-ს თავისი აქციების 10%-ს 2.7 მილიარდ ევროდ მიჰყიდის.
მედიის ცნობით, ესპანური გრანდები მიღებული თანხით შეძლებენ ისეთი პრობლემები მოაგვარონ, როგორიც „ბარსელონასთვის“ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ხოლო „რეალისთვის“ „პსჟ“-დან კილიან მბაპეს გადმობირებაა.
თუმცა, ლა ლიგის წარმომადგენლების განცხადებით, შეთანხმების პირობები კლუბებს ავალდებულებს მიღებული თანხის 70% ინფრასტრუქტურის განახლებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოახმაროს. ხოლო დარჩენილი თანხიდან, მაქსიმუმ 15% შეუძლიათ ფეხბურთელების შეძენაზე და 15% კი ფინანსურ ვალდებულებებზე გადაანაწილოს.
კომპანია CVC-სთან დადებული ხელშეკრულებიდან მიღებული თანხის 90% ესპანეთის კლუბებზე გადანაწილდება. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით კონტრაქტის პირობებზე არც „ბარსელონას“ და არც სამეფო კლუბის წარმომადგენლები არ საუბრობენ. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ესპანური ლა ლიგის ღირებულება 24.25 მილიარდ ევროს გაუტოლდება. ლა ლიგის წარმომადგენლების განცხადებით, შეთანხმების პირობებით, საინვესტიციო ფონდი ვერ შეძლებს ჩემპიონატის შიდა საქმეების წარმართვას, რაც სწორი სტრატეგიის დაგეგმვასა და შესყიდვებს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ კერძო კაპიტალის საინვესტიციო კომპანია CVC გასულ წელს იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის აქციების შეძენას გეგმავდა, თუმცა რიგი კლუბების უკმაყოფილების გამო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. საინვესტიციო ფონდი 2006 წლიდან ფორმულა 1-ის მფლობელია და როგორც ჩანს, ამჟამად უკვე სპორტის სხვა მიმართულებითაც აპირებს ბიზნესის გაფართოებას.