ბლოკის საბანკო ზედამხედველობის ორგანოს ანგარიშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინ ქვეყანა ასამდე მაღალანაზღაურებადმა ბანკირმა დატოვა. აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთი და ყველაზე ახალი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ შეცვალა ბრექსიტმა ევროპის საფინანსო სექტორი და მისი საგადასახადო ბაზა.
ევროპის საბანკო ორგანომ (EBA), თავის ყოველწლიურ კვლევაში ბანკირების შესახებ, რომლებიც მილიონ ევროს ან მეტს გამოიმუშავებენ, აღნიშნა, რომ 2019 წელს ბრიტანეთი 95-მა მაღალშემოსავლიანმა ბანკირმა დატოვა.
თუმცა, ამისდა მიუხედავად, ევროკავშირში არსებული 4,963 მაღალანაზღაურებადი ბანკირიდან, დიდ ბრიტანეთში 2019 წელს მათი 71% ცხოვრობდა. ეს კი სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ ლონდონი ევროპის უმსხვილესი ფინანსური ცენტრი გახლდათ. TheCityUk-ის მონაცემებით, ქალაქში ბრიტანეთის საბანკო ინდუსტრიაში 380,000 ადამიანია დასაქმებული.
მაღალანაზღაურებადი ბანკირების მილიონიანი შემოსავალი ძირითად ანაზღაურებას, პრემიებს, ჯილდოებსა და საპენსიო შენატანებს ითვალისწინებს.
ბრიტანეთმა ევროკავშირის ორბიტა სრულად 2020 წელს დატოვა. სწორედ ამ დროს მრავალმა ბანკმა და სხვა ფინანსურმა ფირმამ საკუთარი მომხმარებლების ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე სრული წვდომის შესანარჩუნებლად, 7,000-ზე მეტი თანამშრომელი სამუშაოდ ლონდონიდან ბლოკის ახალ ან უკვე გაფართოებულ ჰაბში გადაიყვანა.
ევროპის საბანკო ორგანოს მონაცემებით, აღნიშნულმა ქმედებამ მაღალშემოსავლიანი ბანკირების რიცხვი გერმანიაში 450-დან 492-მდე გაზარდა, საფრანგეთში 234-დან 270-მდე, ხოლო იტალიაში კი 206-დან 241-მდე.