აგვისტოს მონაცემებით, ჩინური ბრენდი Honor-ი ქვეყანაში სმარტფონების მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა და ჩინეთის ბაზრის 15% დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ნოემბერში, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებისგან ბრენდის დაცვის მიზნით, Huawei-იმ Honor-ის გაყიდვა გადაწყვიტა.
გასულ თვეში, ივლისთან შედარებით, Honor-ის სმარტფონების გაყიდვები 18%-ით გაიზარდა და შესაბამისად, ერთ-ერთ ყველაზე მზარ ბრენდს წარმოადგენს ჩინეთში. საერთაშორისო ბაზარზე მისი კონკურენტები ტექნო-გიგანტები Samsung-ი და Apple-ი არიან და ამას გარდა Xiaomi, რომელიც კვლავ განაგრძობს Huawei-ისთვის ბაზრის წილის წართმევას. Honor-ის წილი, აგვისტოს მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე 3,7%-მდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც თებერვალში 1,5%-ს შეადგენდა.
ბრენდის განვითარების ეტაპზე Honor-ი სმარტფონების ახალ მოდელებს უშვებს. იანვარში კომპანიამ დაბალბიუჯეტური სმარტფონი V40 წარადგინა, ამ თვეში კი, Honor 3-ის ახალი მოდელები გამოვიდა, რომლის რეალიზაცია ჩინეთის გარდა გლობალურ ბაზარზე, მათ შორის ევროპაშიც იგეგმება. გარდა ამისა, პრემიუმ სეგმენტისთვის ბრენდი Magic სერიებსაც აწარმოებს. მიუხედავად ამისა, Counterpoint Research-ის პრესრელიზის თანახმად, ჩინეთის გარეთ ბრენდის ზრდა ეტაპობრივი იქნება, რადგან ლოიალურობა დაბალბიუჯეტურ სეგმენტში დაბალი რჩება და Honor-ს სადისტრიბუციო ქსელის განახლება მოუწევს. ასევე გაძლიერდება კომპონენტების დეფიციტი, რამაც 2021 წელს ბრენდის გაფართოებას შეიძლება შეუშალოს ხელი.
შეგახსენებთ, რომ Huawei-იმ მისი ბიუჯეტური ბრენდი Honor-ის გაყიდვის გადაწყვეტილება ნოემბერში მიიღო, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთის ტექნო-გიგანტზე სანქციების დაწესებამ კომპანიისთვის აუცილებელ კომპონენტებზე წვდომა შეზღუდა. Honor-ის გაყიდვა Huawei-იმ ბრენდის გადასარჩენად გადაწყვიტა, შედეგად კი, Honor-ს კვლავ შეუნარჩუნდა წვდომა ისეთ ძირითად კომპონენტებზე აშშ-დან, როგორიც მაგალითად ნახევარგამტარებია. Huawei-ის ბიუჯეტური ბრენდი მყიდველთა კონსორციუმმა შეიძინა, რომელთა შორისაა შენჟენის მთავრობა, სადაც ბრენდის სათაო ოფისი მდებარეობს.