American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. ჰოსპიტალი წარმოადგენს საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ჩაანაცვლებს უცხოეთში მკურნალობის საჭიროებას და გახდება ამიერკავკასიის სამედიცინო სერვისების ჰაბი.
პროექტს გააჩნია ამბიცია – საქართველოს და რეგიონის სამედიცინო რუკაზე შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას. პროექტის განხორციელებისას, მაღალი ხარისხის აქტივები, სამედიცინო დანიშნულების დანადგარების ნაწილი დაფინანსდა თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოს“ სუბსიდირების პროგრამით.
თიბისი ლიზინგი საქართველოში ჯანდაცვის მიმართულების აქტიური მხარდამჭერია, რაც სამედიცინო დანადგარების მთავარ მომწოდებლებთან პარტნიორობასა და გამარტივებულ დაფინანსებაში გამოიხატება.